ახალი ამბები

,,ვისაც ეს ევალება, დაგვეხმარეთ“ – რას ითხოვენ მიკროავტობუსის მძღოლები კახეთიდან

„ვისაც ეს ევალება, დაგვეხმარეთ. ამ გაძვირებული საწვავის ფონზე, მგზავრების გარეშე ცარიელმა რომ არ ვიარო. 26 ლარით ვარ წამოსული თელავიდან და 120 ლარის საწვავი მინდა,“ – კახეთის მიმართულებით მომუშავე მძღოლებმა დღეს საპროტესტო აქცია გამართეს და გარკვეული პერიოდით მუშაობაც შეწყვიტეს.

როგორც „ტვ პირველთან“ ისინი აცხადებენ, მერიას ორთაჭალიდან დაძვრის შემდეგ, მგზავრების აყვანის მიზნით, „ისნის“ მეტროს მიმდებარედ 2-3 წუთით გაჩერების ნებართვის შესახებ მიმართეს, თუმცა მერიიდან მხოლოდ მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღეს.

მძღოლების აქცია თბილისში – რას ითხოვენ

„ისნის მეტრო არის კახეთის მაცოცხლებელი. ორთაჭალაში რომ იყოს მეტრო, აქ მოვიდოდნენ. ისნიდან ორთაჭალამდე რომ ტაქსით ჩამოვიდნენ, 5 ლარი უნდა, ავტობუსი კი ამ სიშორეზე არ მოდის. ეგრე არ გამოვა ცხოვრება, ხალხს ხომ უნდა შეუწყონ ხელი?! ვინ უნდა მოვიდეს ორთაჭალაში?! ყველა იცდის ისანში. სადგურის უფროსმა მერიაში შეიტანა განცხადება, რომ ჩვენს მანქანებს ისანში გაჩერების უფლება მისცენ, მაგრამ უშედეგოდ, პასუხიც არავის გაუცია. გთხოვთ, ვისაც ეს ევალება, დაგვეხმარეთ. ამ გაძვირებული საწვავის ფონზე, მგზავრების გარეშე ცარიელმა რომ არ ვიარო. 26 ლარით ვარ წამოსული თელავიდან და 120 ლარის საწვავი მინდა. „ვითხოვთ 2-3 წუთით გაჩერებას „ისნის“ ტერიტორიაზე,“ – აცხადებენ მძღოლები.

როგორც ისინი „ტვ პირველთან“ საუბრობენ, შესაბამისი მოთხოვნით მერიას თავადაც მიმართეს, მაგრამ პასუხად მუქარის შემცველი წერილები მიიღეს.

მძღოლების თქმით, მერიიდან მათ განუცხადეს, რომ „ისნის“ მეტროსთან ახალი სათვალთვალო კამერა დამონტაჟდება და დარღვევის შემთხვევაში ისინი 1000 ლარით დაჯარიმდებიან.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლიდან ქვეყანაში სამგზავრო გადაყვანებთან დაკავშირებით, ამოქმედდა ახალი რეგულაცია, რომლის თანახმად, თბილისიდან რეგიონების მიმართულებით, საქალაქთაშორისო ტრანსპორტმა მგზავრების გადაყვანა სადგურებიდან უნდა განახორციელოს. შესაბამისად, კახეთის მიმართულებით მოძრავ ტრანსპორტს რომელიც, ისანშიც ახერხებდა მგზავრების აყვანას, ახლა მხოლოდ ორთაჭალის სადგურში აქვს ამის უფლება.