ახალი ამბები

ანიტა ჰიპერი – ელენე ხოშტარიასთვის გამოტანილი განაჩენი არაპროპორციულია

ელენე ხოშტარიასთვის გამოტანილი განაჩენი არაპროპორციულია, – ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, ანიტა ჰიპერმა ბრიფინგზე „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას მიმართ გამოტანილი განაჩენის შესახებ „პუბლიკას“ ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა.

„კიდევ ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიასთვის გამოტანილი განაჩენი, რომელიც 18 თვით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, არაპროპორციულად მიგვაჩნია. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება ძირითადი დემოკრატიული სტანდარტების საწინააღმდეგოდ მოქმედებს. ამას მივიჩნევთ, როგორც დემოკრატიული რეპრესიების გაგრძელებას, რომელიც უნდა დასრულდეს. ეს ოპოზიციის, ჟურნალისტების, სამოქალაქო აქტივისტებისა და იმ ადამიანების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების ნაწილია, რომლებიც ფუნდამენტური უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის იბრძვიან. ჩვენი გზავნილი ნათელია, ყველა უსამართლოდ დაკავებული პირი უნდა გათავისუფლდეს“, – განაცხადა ევროკომისიის პრესსპიკერმა.

ცნობისთვის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაში ბრალდებული პოლიტიკოსი, „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია სასამართლომ დამნაშავედ ცნო. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი არევაძემ მიიღო. არევაძის განაჩენით, ელენე ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. შესაბამისად, ხოშტარია პენიტენციურ დაწესებულებას 1 წელში დატოვებს.