ახალი ამბები

წიაღისეულის უკანონო მოპოვებისა და რეალიზაციის ფაქტებზე 6 პირი ამხილეს

წიაღისეულის უკანონო მოპოვებისა და რეალიზაციისთვის 6 პირი ამხილეს.

როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იტყობინება, გამოძიების ფარგლებში გამოვლენილია უკანონო სამეწარმეო საქმიანობის 3 ფაქტი.

კერძოდ, ბრალდებულები შიდა ქართლის, იმერეთის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონებში, შესაბამისი ნებართვისა და ლიცენზიის გარეშე, ასევე სალიცენზიო პირობების დარღვევით, ახორციელებდნენ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებასა და რეალიზაციას. აღნიშნულ ფაქტებზე მხილებულია 6 პირი, მათგან 4 დაკავებულია.

,,რაც შეეხება კახეთს და მცხეთას, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა გურჯაანისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებში უნებართვოდ მოიპოვეს 144 793 მ³ ქვიშა-ხრეში. დანაშაულის დაფარვის მიზნით გამოყენებული იყო ყალბი საგადასახადო დოკუმენტაცია. გარემოს მიყენებულმა ზიანმა 2 172 502 ლარი შეადგინა.

ჯამში, უკანონოდ მოპოვებულია 1 500 327 მ³ სასარგებლო წიაღისეული, ხოლო გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა 21 871 975 ლარი შეადგინა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე, 194-ე, 210-ე, 218-ე და 299-ე მუხლებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 12 წლამდე ვადით”, – განაცხადეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

ამასთან, უწყების ცნობით, საქართველოს პროკურატურასთან კოორდინაციით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 7 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე დააკავეს და პასუხისგებაში მისცეს 30 პირი.