საქართველოში რუსული ხორბლის იმპორტი 31%-ით გაიზარდა
2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში ხორბლის იმპორტი ღირებულებაში წლიურად 19.6%-ით გაიზარდა – ამის შესახებ ირკვევა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან.
უფრო კონკრეტულად, 2025 წლის იანვარ-თებერვალში იმპორტირებულია 10.2 მლნ დოლარის ღირებულების 41 822 ტონა ხორბალი, ხოლო 2026 წლის პირველ ორ თვეში 12.2 მლნ დოლარის ღირებულების 48 666 ტონა მარცვლეული.
საქართველოში რუსული ხორბლის იმპორტი იზრდება
მონაცემები აჩვენებს, რომ მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში საქართველოში იმპორტული ხორბლის 87.7% რუსულია. აღსანიშნავია, რომ რუსეთიდან ხორბლის იმპორტი 31%-ით არის გაზრდილი.
კერძოდ, რუსეთიდან 2026 წლის იანვარ-თებერვალში 10.7 მლნ დოლარის ღირებულების 42 060 ტონა ხორბალი შემოვიდა. ეს მაჩვენებელი 2025 წლის საანგარიშო პერიოდში 8.2 მლნ დოლარს (32 812 ტონა) აღწევდა.
რაც შეეხება სხვა სავაჭრო ბაზრებს, 2026 წლის იანვარ-თებერვალში ხორბლის იმპორტი მხოლოდ 4 ქვეყნიდან განხორციელდა, მონაცემები კი ასე გამოყურება:
რუსეთი – 10.7 მილიონი აშშ დოლარის 42 060 ტონა;
ყაზახეთი – 1.5 მილიონი აშშ დოლარის 6 578 ტონა;
ბელარუსი – 16.6 ათასი აშშ დოლარის 21.6 ტონა;
თურქეთი – 3.6 ათასი აშშ დოლარის 5.5 ტონა.

