ახალი ამბები

საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქვეყნიდან უცხოეთის 105 მოქალაქე გააძევეს.

უწყების განმარტებით, აღნიშნულ პირებს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოში შემოსვლა გარკვეული ვადით აეკრძალათ.

შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კომპლექსური ღონისძიებები სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს შეეხოთ. მათ შორის არიან: თურქეთის, ინდოეთის, ჩინეთის, რუსეთის,თურქმენეთის, აზერბაიჯანის, იორდანიის, მაროკოს, ბანგლადეშის, მიანმარის, მოლდოვის, უზბეკეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, პაკისტანის, ბელარუსის, ეგვიპტის, ლიბანის, ნეპალის, სუდანისა და სხვა სახელმწიფოების მოქალაქეები.

სამინისტროს ცნობით, ქვეყნიდან გაძევების საფუძველი საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე ყოფნა გახდა.

„მიმდინარე წლის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის 806 მოქალაქის გაძევება განახორციელეს“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.