ახალი ამბები

„საეჭვოა, ამ რეგულაციამ ჭარბი წარმოების პრობლემა მოაგვაროს“ – ილია კუნჭულია

„საეჭვოა, ამ რეგულაციამ ჭარბი წარმოების პრობლემა მოაგვაროს – სუბსიდირებაა პრობლემა, რომელიც წამგებიანი ბიზნესი დაწყებას ახალისებს“ – ილია კუნჭულია.

„ახალი რეგულაცია პირდაპირ სუბსიდირების არგაუქმებას ისახავს მიზნად“,- ასე ეხმაურება „ბიზნესპრესნიუსთან“ ფერმერთა ასოციაციის სერთიფიცირების სპეციალისტი ილია კუნჭულია ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, სამეწარმეო ვენახის გაშენებაზე თანხმობა სავალდებულო ხდება.

შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, სამეწარმეო ვენახის გაშენებაზე სავალდებულო თანხმობა იქნება საჭირო. სამეწარმეო ვენახის (ვენახი, რომლის მოსავალიც კომერციული მიზნით გამოიყენება) გაშენება ფიზიკური თუ იურიდიული პირისთვის მხოლოდ ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული თანხმობის საფუძველზე იქნება შესაძლებელი.

მისივე განმარტებით, მთავარი პრობლემა ღვინის ჭარბი წარმოებაა, რასაც სუბსიდირების პროგრამა ახალისებს, პროგრამის შენარჩუნების მიზნით კი პრობლემის გადაჭრის ალტერნატიული გზა იქნა შემოთავაზებული.
,,ამ რეგულაციას მხარს არ ვუჭერთ, არ ვეთანხმებით, მით უმეტეს, როცა ანალიზსა და დასკვნებს არ ეფუძნება. ეს ერთპიროვნული გადაწყვეტილებაა. შეზღუდვა არ არის სწორი და იმ შედეგს ვერ გამოიღებს, რა მიზანსაც ისახავს. ხალხი რატომ აშენებს უვარგის ადგილას ვენახს?! იმიტომ, რომ წახალისებული პროცესია. იციან, სახელმწიფო ჩაიბარებს მათ ყურძენს სუბსიდირებით. სუბსიდირების ნაწილშია პრობლემა, რადგან ახალისებს ადამიანებს, წამგებიანი ბიზნესი დაიწყონ.
ამიტომაც ვფიქრობ, პირდაპირ სუბსიდირების არ გაუქმებას ისახავს მიზნად ახალი რეგულაცია. მიზანია, გააგრძელონ სუბსიდირების წესი და სხვა გამოსავალი მოძებნონ წამგებიანი ბიზნესის დაწყების პრობლემის აღმოსაფხვრელად. სურთ, შეინარჩუნონ ღვინის ქარხნების მხარდაჭერა და მოძებნეს გამოსავალი, ბიზნესმენებს აუკრძალონ ახალი ვენახების გაშენება.
რა თქმა უნდა, შეამცირებს რაოდენობას. რომ გაურთულდება ადამიანს პროცესი და უამრავი ბიუროკრატია ჩაერთვება, სურვილიც და საშუალებაც მოიკლებს. შემცირდება ის ტემპიც, რითიც ვენახები შენდება. თუმცა, უკვე პიკს აქვს მიღწეული და ახლა უბრალოდ, სურთ, ზრდა შეაჩერონ. ეს დონე, რაც ახლა გვაქვს წარმოების, სტაბილურად შეინარჩუნონ. რატომაა პრობლემა, რომ ამდენი ღვინო იწარმოება? ჭურჭელი აღარ აქვთ, არც შარშან ჰქონდათ და არც შარშანწინ, რომ ღვინო ჩაესხათ. არ იყიდება ასე სწრაფად. მერე ამისგან უწვთ სპირტის გამოხდა. 10 ლიტრი ღვინისგან, საუკეთესო შემთხვევაში, მიიღება ლიტრანახევარი სპირტი, 9 ლიტრამდე სუბსიდირებით ნაყიდი ღვინო კი იქცევა“, – აცხადებს კუნჭულია.