ახალი ამბები

როგორ ნაწილდება სახელმწიფო დანახარჯები სოფლის მეურნეობაში – Galt & Taggart

Galt & Taggart-მა სოფლის მეურნეობის სექტორის ინდექსი და მისი მაკროეკონომიკური ანალიზი წარადგინა, რათა საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობა გაიზარდოს და მოხდეს მასში არსებული მდგომარეობის სწორი შეფასება.

ინდექსში წარმოდგენილია დარგში სახელმწიფო დანახარჯების ანალიზიც, რომელმაც 2025 წელს 625 მილიონი ლარი შეადგინა. სეგმენტების მიხედვით, ყველაზე მეტი თანხა – 203 მილიონი ლარი შეღავათიანი აგროკრედიტის მიმართულებით არის გამოყოფილი; მეორე პოზიციას იკავებს სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტები 128 მილიონი ლარით; მესამეზე კი მეღვინეობის დარგის დაფინანსებაა 103 მილიონი ლარით.

კვლევის თანახმად, სოფლის მეურნეობის პირველადი პროდუქტების (ნედლეულის) წარმოება ძირითადად კონცენტრირებულია შინამეურნეობებზე, ხოლო ბიზნესის წილი მხოლოდ 13%-ს შეადგენს. შესაბამისად ამ მხრივ კორპორატიზაციის მაჩვენებელი დაბალია. ამასთან, ქვეყანაში საშინამეურნეო ფერმების ფართობები 73%-ში ნაკლებია ერთ ჰექტარზე; 25%-ის ფართობი კი 1-5 ჰექტარის ფარგლებშია; ხოლო 5 ჰა-ზე უფრო დიდი მეურნეობების ზომა მხოლოდ 2%-ს შეადგენს. შედარებისთვის აზერბაიჯანში ფერმების 61% არის 1 ჰა-ზე მცირე ზომის; სომხეთში კი 60% რაც ამ ქვეყნებში ფერმერთა მხრიდან მიწის უფრო ეფექტიანად გამოყენების საფუძველს ქმნის.

აღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოში ერთ ჰექტარზე ხილის მოსავლიანობა 4.8 ტონას შეადგენს, მაშინ როდესაც რუსეთში პროდუქტიულობა ჰექტარზე 10 ტონაა; უკრაინაში 11; სომხეთში კი 11.4 ტონა; ევროკავშირის საშუალო კი 11.7 ტონას შეადგენს. რაც შეეხება მარცვლოვან კულტურებს საქართველოში ერთ ჰექტარზე საშუალო მოსავლიანობაა 2.8 ტონა; მაშინ როდესაც აზერბაიჯანში 3.4 ტონაა; თურქეთშიც 3.4 ტონა; უკრაინაში 5.1 ტონა; ევროკავშირში კი 5.2 ტონა. ბოსტნეულის შემთხვევაში საქართველოში საშუალო მოსავლიანობა ჰექტარზე არის 11.1 ტონა; უკრაინაში 20.5 ტონა; რუსეთში 29.8 ტონა; აზერბაიჯანში 31.1 ტონა; სომხეთში 35.6 ტონა; თურქეთში კი 42.3 ტონა.

“დაბალი კორპორატიზაცია, ცოდნის ნაკლებობა და ტექნოლოგიური ჩამორჩენა საქართველოში მოსავლიანობის შედარებით დაბალ დონეს განაპირობებს,”- ნათქვამია მიმოხილვაში.

თუმცა, Galt & Taggart-ის კვლევაში არაა წარმოდგენილი ბენეფიციარების მიხედვით, თუ რა ზომის ფერმერული მეურნეობები არიან სახელმწიფო ხელშეწყობის სხვადასხვა მექანიზმის ძირითადი ბენეფიციარები და რა შედეგი ჰქონდა უშუალოდ სახელმწიფო პროგრამებს ეფექტიანობის და მოსავლიანობის მაჩვენებელზე.