ახალი ამბები

პლასტიკის აკრძალვის ნაცვლად რეციკლირების განვითარება: რა ალტერნატივას ასახელებენ გარემოს დამცველები?

„პლასტიკით გარემოს დაბინძურების შემცირებისკენ ნაბიჯების გადადგმა აუცილებელია, თუმცა პლასტმასის ბოთლების სრული აკრძალვა ეფექტიანი გამოსავალი არ იქნება“ – ამის შესახებ „საქმიანი დილის“ ეთერში გარემოს დაცვის ყოფილმა მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ ისაუბრა.

მისი თქმით, ასეთი გადაწყვეტილება კერძო სექტორისთვის, შესაძლოა, სერიოზულ ეკონომიკურ გამოწვევად იქცეს და საბოლოოდ პროდუქციის გაძვირებაც გამოიწვიოს. ექსპერტები უფრო ეფექტიან მიდგომად ნარჩენების შეგროვებისა და გადამუშავების სისტემის განვითარებას, ასევე პლასტიკის წარმოებაში გადამუშავებული მასალის ეტაპობრივად გამოყენებას ასახელებენ, რაც როგორც გარემოს დაცვის, ისე ეკონომიკისთვის უფრო მდგრად გადაწყვეტად მიიჩნევა.

„პლასტიკით გარემოს დაბინძურება სერიოზული გლობალური პრობლემაა და მისი შემცირებისკენ ნაბიჯების გადადგმა აუცილებელია. სწორედ ამიტომ, მისასალმებელია გადაწყვეტილება, როდესაც აიკრძალა ერთჯერადი პლასტმასის ისეთი პროდუქტები, როგორიცაა ჩანგალი, დანა და სხვა ნივთები, რადგან მათი ჩანაცვლება მარტივად შეიძლება ხის, ქაღალდის ან მუყაოს ალტერნატივებით. მსგავსი რეგულაციები ეტაპობრივად მოქმედებს ევროპაშიც.

თუმცა პლასტმასის ბოთლების სრული აკრძალვა უფრო რთულ საკითხს წარმოადგენს. ასეთი რეგულაცია კერძო სექტორისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ ხარჯებს გამოიწვევს, რადგან წარმოების სრულ გადაკეთებას მოითხოვს. ეს საბოლოოდ პროდუქციის ფასზეც აისახება და შესაძლოა, მომხმარებლისთვისაც ნაკლებად მოსახერხებელი იყოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საუბარია დიდი მოცულობის შუშის ჭურჭელზე.

პრობლემის გადაჭრის უფრო ეფექტიანი გზა პლასტიკის შეგროვება და გადამუშავებაა. რეციკლირების სისტემის განვითარება გარემოს დაცვის კუთხითაც მნიშვნელოვანია და ეკონომიკურადაც სასარგებლოა. ასეთი მიდგომა ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს, ხელს უწყობს ე.წ. ცირკულარული ეკონომიკის განვითარებას და საშუალებას იძლევა, რომ ნარჩენი კვლავ რესურსად იქცეს და საწარმოო ციკლში დაბრუნდეს. შედეგად მცირდება ნარჩენების რაოდენობა და რესურსებიც უფრო ეფექტიანად გამოიყენება.

შესაძლოა, რეგულაციები სწორედ ამ მიმართულებით განვითარდეს. მაგალითად, შეიძლება დაწესდეს სტანდარტები, რომ პლასტმასის ბოთლები დამზადებული იყოს მხოლოდ ისეთი მასალისგან, რომელიც გადამუშავებას ექვემდებარება. ასევე შესაძლებელია, რომ მწარმოებელ კომპანიებს ეტაპობრივად დაეკისროთ ვალდებულება, პროდუქციის შეფუთვაში გამოიყენონ გადამუშავებული პლასტიკის გარკვეული პროცენტი.

მსგავსი მიდგომა უკვე გათვალისწინებულია ევროკავშირის დირექტივებშიც, სადაც განსაზღვრულია კონკრეტული მიზნები წლების მიხედვით. ეს ერთდროულად ხელს უწყობს როგორც რეციკლირების სექტორის განვითარებას, ასევე იმას, რომ რესურსები კვლავ ეკონომიკურ ციკლში დაბრუნდეს, რაც გარემოს დაცვასაც ემსახურება და ბიზნესისთვისაც შედარებით ნაკლებად მტკივნეული პროცესია“, – განაცხადა გოგალაძემ.

ინფორმაციისთვის: გასული კვირის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ მთავრობა 2026 წლის 1 ივლისიდან საზოგადოებრივი კვების ობიექტებს მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლებში მიწოდების, 2027 წლის 1 თებერვლიდან კი პლასტმასის ბოთლებში სასმელების წარმოებას, იმპორტს და ბაზარზე განთავსების აკრძალვას გეგმავდა, რასაც სასმელების მწარმოებელი კომპანიების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. 16 მარტს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე კი ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მზად არიან პლასტმასის ბოთლებთან დაკავშირებული რეგულაციის როგორც გადავადება, ისე ცვლილება განიხილონ. მისი თქმით, საკითხზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში და გადაწყვეტილება სექტორის წარმომადგენლებთან კონსულტაციების შემდეგ იქნება მიღებული.