პრემიერ-მინისტრს საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის და საბჭოს წევრების თანამდებობაზე დანიშვნა პარლამენტის თანხმობის გარეშე შეეძლება
პრემიერ-მინისტრი საქსტატის აღმასრულებელ დირექტორს და საბჭოს წევრებს თანამდებობაზე პარლამენტის თანხმობის გარეშე დანიშნავს – აღარ იარსებებს კანონი, რომელიც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის და ასევე, საბჭოს წევრების თანამდებობაზე დასანიშნად პარლამენტისგან თანხმობის მიცემას ითვალისწინებს.
შესაბამისი ცვლილებები “ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ კანონსა და პარლამენტის რეგლამენტში შედის, რომელიც “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს.
პროექტის მიღების შედეგად, საქსტატის აღმასრულებელ დირექტორს თანამდებობაზე დანიშნავს და თანამდებობიდან გაათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი. იგივე პრინციპი გავრცელდება საქსტატის საბჭოს წევრების დანიშვნასთან დაკავშირებით.
ამასთან, საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი კვლავ ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტისა და მთავრობის წინაშე და არაუგვიანეს ყოველი წლის 1-ელ მაისისა პარლამენტსა და მთავრობას საქსტატის საქმიანობის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს წარუდგენს.

