ახალი ამბები

სასკოლო ფორმები გაცილებით უფრო შეღავათიანი იქნება იმაზე, რაც მშობლებს სტანდარტულად უჯდებათ – მინისტრის მოადგილე

განათლების მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ პირველიდან მეექვსე კლასის მოსწავლეთა მშობლებს სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული ფორმები იმაზე იაფი დაუჯდებათ, ვიდრე სტანდარტულად ახალი სასწავლო წლის დასაწყისში მოსწავლეებისთვის სამოსის შეძენა უჯდებათ ხოლმე. ამის შესახებ ზვიად გაბისონიამ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც სასკოლო ფორმების ღირებულებას შეეხებოდა. მინისტრის მოადგილეს ღირებულება არ დაუკონკრეტებია.

„თქვენ იცით, რომ სოციალური მიმართულებით სახელმწიფო სრულად დააფინანსებს ფორმების ნაწილს. რაც შეეხება კონკრეტულ ფასებს, ამწუთას გამიჭირდება ზუსტი ფასის დადგენა, მაგრამ გაცილებით უფრო შეღავათიანი იქნება, რაც სტანდარტულად მშობლებს უჯდებათ ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან მიმართებით“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მისი ინფორმაციით, სახელმწიფო და სამინისტრო ძალიან ფორმების საკითხზე ინტენსიურად მუშაობს. მინისტრის მოადგილეს დეტალებზე საუბარი უჭირს, თუმცა აცხადებს: „ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ არა მარტო ფორმების დიზაინია უკვე დადასტურებული, არამედ შეკვეთის ფორმატიც მიმდინარეობს, რადგან თქვენ იცით, რომ ვადები ძალიან შემჭიდროვებული გვაქვს და საუბარი არის საკმაოდ დიდი ოდენობის ფორმების შეკვეთაზე. შესაბამისად, სამინისტროს შესაბამისი სამსახურები ძალიან აქტიურად ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ ამ მიმართულებით“, – ამბობს გაბისონია და დასძენს, რომ ტენდერში მონაწილეობა ადგილობრივ კომპანიებსაც შეეძლებათ: „მონაწილეობას მიიღებს ნებისმიერი მათგანი, რომელიც კანონმდებლობით შეესაბამება იმ მოთხოვნებს, რასაც სახელმწიფო წარუდგენს. ასევე ძალიან ინტენსიურად გვინდა ჩვენ, რომ პროფესიული სასწავლებლებიც იყოს ჩართული ამ ნაწილში და ასევე ვგეგმავთ, ამ მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან ძალიან ბევრი საინტერესო რამ შევთავაზოთ“.