სახელმწიფო უნივერსიტეტებში უცხოელი სტუდენტებისთვის 5%-იანი კვოტა შენარჩუნდება, კერძოებში გაიზრდება – მინისტრის მოადგილე
სახელმწიფო უნივერსიტეტებში უცხოელი სტუდენტებისთვის გათვალისწინებული 5%-იანი კვოტა შენარჩუნდება, ხოლო კერძო უნივერსიტეტებში მისი გაზრდა იგეგმება, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონია ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობის დადგენილებით, სახელმწიფო უნივერსიტეტებში უცხოენოვანი სტუდენტებისთვის საერთო კვოტის 5% არის განსაზღვრული და ეს მაჩვენებელი უცვლელი რჩება.
„ამ კუთხით ვფიქრობ, რომ არასწორი ინფორმაციაა. მთავრობის დადგენილებაში პირდაპირ არის გათვალისწინებული, რომ საერთო კვოტირების 5% სახელმწიფო უნივერსიტეტებს მთლიანად უნარჩუნდებათ უცხოენოვანი სტუდენტების მხრივ. თავდაპირველ კვოტაში გათვალისწინებული არ იყო. საერთაშორისო სტანდარტების შედეგად 5%-იანი კვოტა გვაქვს განსაზღვრული. კერძო უნივერსიტეტებში პირიქით, არა მარტო იზღუდება, არამედ იგეგმება კვოტირების გაზრდაც. მეტი მოლოდინები გვაქვს, რომ კერძო უნივერსიტეტებში გადანაცვლების შედეგად კიდევ უფრო მეტი შემოსავლები გაჩნდება ქვეყანაში“, – განაცხადა ზვიად გაბისონიამ.
მისივე თქმით, დღეს გამოქვეყნდება უნივერსიტეტების კვოტირების დაზუსტებული ნაწილი როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო პროგრამებზე.
შეგახსენებთ, “ოცნებამ” განათლების რეფორმის წარდგენისას თქვა, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები საერთოდ ვეღარ მიიღებდნენ უცხოელ სტუდენტებს.
საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტები მომავალი სასწავლო წლიდან უცხოელ სტუდენტებს ვეღარ მიიღებენ – ეს არის ციტატა განათლების მინისტრმა გივი მიქანაძის “რუსთავი 2”-ის ეთერში 4 დეკემბერს გაკეთებული განცხადებიდან. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების მიზანია სახელმწიფო უნივერსიტეტების მაქსიმალური ორიენტაცია „სახელმწიფო ინტერესებზე“ და საქართველოს მოქალაქეებისთვის ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფაზე.

