ახალი ამბები

სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით, ახმეტაში რამდენიმე ადამიანი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული მასშტაბური ანტიკორუფციული ღონისძიების შედეგად, 12 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით, დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია 30 ადამიანი.

ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა, ემზარ გაგნიძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კახეთის რეგიონი:

პირველი საქმე:

„ახმეტის მუნიციპალიტეტში, ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე, დაკავებულია ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და ერთი მოქალაქე. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირის დახმარებით, ახმეტის რაიონის სოფელ კასრისწყალში საკარანტინე სივრცის მოსაწყობად, 2 ჰექტარი მიწის ნაკვეთის იჯარით გადაცემის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით გამოართვა 3 000 ლარი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით და 25, 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეორე საქმე:
,,დიდი ოდენობით თაღლითობის, ყალბი დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების, ასევე სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ინსპექტირების ჯგუფის თავმჯდომარეს, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის ქონების მართვისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების თანამშრომელს, ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირების განყოფილების უფროს სპეციალისტს, ასევე კონტრაქტორი კომპანია შპს „არტიფექსის“ დირექტორს და ინსპექტირების ორგანო შპს „ლტ ექსპერტის“ ექსპერტს ბრალდება წარედგინათ.
გამოძიებით დადგინდა, რომ ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, ახმეტის N2 და N4 საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების პროცესში, ინსპექტირების ჯგუფის წევრებმა სამსახურებრივი მოვალეობა არაჯეროვნად შეასრულეს და ინსპექტირების ორგანო შპს „ლტ ექსპერტის“ ექსპერტის დახმარებით, ყალბი დოკუმენტაციის გამოყენებით, შპს „არტიფექსის“ დირექტორი მოტყუებით დაეუფლა სახელმწიფოს კუთვნილ 22 242 ლარს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, 362-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და 342-ე მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.