„დღეს დაზუსტებული კვოტები გამოქვეყნდება“ – განათლების მინისტრის მოადგილე უმაღლესი განათლების რეფორმაზე
განათლების მინისტრის მოადგილის ზვიად გაბისონიას განცხადებით, დღეს უწყება უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის“ პრინციპით უნივერსიტეტებში ფაკულტეტებზე გადანაწილებული კვოტების დაზუსტებულ ინფორმაციას გამოაქვეყნებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი ინფორმაციით, სამინისტრო მისაღები გამოცდების მომზადებისთვის აქტიურად მუშაობს.
„საქართველოს პრემიერის ხელმძღვანელობით ერთი წამით თქვენ იცით, რომ საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელის მეთაურობით მიმდინარეობს უმაღლესი განათლების რეფორმა. ამ ეტაპისთვის პრაქტიკულად კვოტირების საკითხები დადასტურებულია და დაზუსტებულია. დღეს გამოქვეყნდება ბოლო დაზუსტებული კვოტირების ნაწილი, როგორც საბაკალავრო პროგრამებზე, ასევე სამაგისტრო პროგრამებზე. ვფიქრობთ, სურათი ძალიან საინტერესოა. ამ მიმართულებით განსაკუთრებული ცვლილებები აღარ იგეგმება. რაც შეეხება მისაღები გამოცდების მოსამზადებელ სტადიას, ამ მიმართულებითაც სამინისტრო ძალიან აქტიურად მუშაობს და ყველა ვადა, რაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია, სრულად იქნება დაცული“, – განაცხადა გაბისონიამ.
მინისტრის მოადგილე არ აკონკრეტებს როგორ შეიცვლება კვოტები. ის აცხადებს, რომ ილიას უნივერსიტეტის შემთხვევაში რამდენიმე პროგრამაზე კვოტების ნაწილი დაკორექტირებულია, თუმცა მნიშვნელოვნად – არა.
„როგორც მახსოვს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსაც რამდენიმე პროგრამა და კვოტირების ნაწილი გარკვეული ტიპის ცვლილებებს დაექვემდებარა, მათ შორის რამდენიმე პროგრამაა დამატებული, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოთხოვნით გახლდათ უნიკალური. შესაბამისად, ამ მიმართულებით გარკვეული ტიპის ცვლილებები არის, თუმცა რადიკალური ცვლილებები არცერთი უნივერსიტეტის კვოტირების მიმართულებით არ იგეგმება“, – განაცხადა მან.
სოხუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ დასმულ კითხვაზე კი მინისტრის მოადგილე აცხადებს: „ჩვენ ვფიქრობთ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი მიიღებს სრულიად ახალ სიცოცხლეს. ვგულისხმობ აგრარული მიმართულების გაძლიერებას. თქვენ იცით, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან უახლოეს პერიოდში იგეგმება აგრარული პროგრამების გადანაწილება. აქ იგულისხმება როგორც კლასიკური აგრარული პროგრამები, ასევე აგრარული საინჟინრო მიმართულების პროგრამები, როგორც ბაკალავრიატის ნაწილზე, ასევე სამაგისტრო პროგრამების ნაწილზე. ვფიქრობთ, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს, თუ დავუმატებთ იმასაც, რომ მათ დარჩებათ მათთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი, ვგულისხმობ აფხაზეთის კვლევების მიმართულების გარკვეული ტიპის პროგრამები. ასევე კვლევითი მიმართულების გაძლიერებას ვაპირებთ. თქვენ იცით, რომ აკადემიური პროცესი მხოლოდ სალექციო კურსს არ მოითხოვს და არ მოიცავს. ის გულისხმობს ასევე დამატებით კვლევით მიმართულებასაც, ამიტომ ამ მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსების ნაწილის და იგივე მხარდაჭერის ნაწილი კიდევ უფრო გაძლიერდება“, – აღნიშნა ზვიად გაბისონიამ .
მისივე განცხადებით, ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი სიამაყეა, რადგან მას დამატებითი ფუნქციაც აქვს დღეს ნაკისრი.
„აფხაზეთიდან გადმოსული სტუდენტების დიდი ნაწილი სწორედ ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს, რაც ძალიან საამაყოა. მათ დარჩათ ყველა იმ პროგრამის მიმართულება და ყველა ის მიმართულება, რაც მათ ჰქონდათ, გარდა იმ ნაწილისა, რაც რეფორმის ნაწილში ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის პრინციპს გულისხმობს. ასევე თქვენ იცით, რომ ჩვენ გვინდა, რომ რეგიონული უნივერსიტეტები მაქსიმალურად გავაძლიეროთ სწორედ კონკრეტული სპეციალიზაციების მიმართულებით, რაც იმ რეგიონისთვის იქნება მნიშვნელოვანი. ამ კონტექსტში არანაირი დამატებითი მხარდაჭერის შეზღუდვა არ იგეგმება. ასევე თქვენ იცით, რომ ნებისმიერი სახელმწიფო უნივერსიტეტთან დაკავშირებული სოციალური პროგრამები შენარჩუნებულია. პროგრამის შეზღუდვა, მათ შორის სოციალურ ნაწილში, ეხება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტები აპირებენ კერძო უნივერსიტეტების მიმართულებით ჩაბარებას, ხოლო ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახლავთ სახელმწიფო უნივერსიტეტი“, – ამბობს მინისტრი.

