„სიჩქარის ლიმიტები გადასახედია – ჯარიმებთან ერთად დარღვევები კამერების მეშვეობით ქულებთან უნდა იყოს ბმაში“ – ლალიაშვილი
„სიჩქარის ლიმიტები არის გადასახედი“, – ამის შესახებ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარემ, ეკა ლალიაშვილმა განაცხადა.
შეგახსენებთ, პარლამენტი განიხილავს “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების შეტანას, რომლის ამოქმედების შედეგად, საგზაო-სატრანსპორტო წესების დარღვევაზე არსებული ჯარიმები იზრდება და პასუხისმგებლობა მკაცრდება. ჯარიმები სრულად იხილეთ აქ.
როგორც მანვე დასძინა, ჯარიმები იზრდება, მაგრამ იმ მძღოლებისთვის, რომლებიც მუდმივად არღვევენ საგზაო მოძრაობის წესებს და იხდიან ჯარიმას, ეს შემაფერხებელი ფაქტორი ვერ იქნება. ლალიაშვილის თქმით, დარღვევები ბმაში უნდა იყოს ქულებთან, რათა შედეგი იქონიოს.
„არაერთხელ გვითქვამს ის, რომ სიჩქარის ლიმიტები ქალაქებში არის მაღალი – 60 კმ.სთ საშუალო სიჩქარე და ტოლერანტული ზღვარი 15 კმ.სთ. ეს უკვე ძალიან მაღალი სიჩქარეა ქალაქის გზებზე და ბუნებრივია გააჩნია სად იქნება ეს სიჩქარე დაშვებული – ეს იქნება მჭიდროდ დასახლებულ პუნქტში, სადაც ქვეითები გადაადგილდებიან და ა.შ. წარმოუდგენელია, რომ ისეთ ქალაქებში, რომლებიც ზრუნავენ უსაფრთხოებაზე, ამხელა დასაშვები სიჩქარე იყო. სიჩქარის ლიმიტები არის გადასახედი. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია აღსრულების ნაწილი. ჯარიმები კი იზრდება, მაგრამ არიან მძღოლები, რომლებიც მუდმივად არღვევენ და არ აქვთ გადახდის პრობლემა, თუმცა, თუ ეს იქნება ქულებთან ბმაში კამერების მეშვეობით, ასე თამამად ვეღარ გადააჭარბებენ სიჩქარეს.
თუ გადავხედავთ დარღვევათა სტატისტიკას, წლის განმავლობაში დაახლოებით 1.5 მილიონი ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა სიჩქარის გადაჭარბებაზე. როდესაც სახელმწიფო ხედავს, რომ ასეთი ტოტალური დარღვევაა, იხდიან ჯარიმას და მაინც არღვევენ, სიმპტომურად უნდა ვუმკურნალოთ ამას და მხოლოდ ჯარიმის გაზრდა არ კმარა. განსხვავება ის იქნება რომ შედარებით მეტს გადაიხდიან, მაგრამ ხელშესახებად არაფერი შეიცვლება. ასეთ დროს სხვადასხვა მექანიზმებს მიმართავენ ხოლმე ქალაქები და ქვეყნები, მაგალითად ცნობიერების ასამაღლებელი კამპანია, არსებობს როგორც აგრესიული, ისე პოზიტიური ჭრილში კამპანიები. ადრე გვქონდა ბანერები და აგრესია გამოიწვია, რადგან სასიამოვნო არ იყო იმ ბანერების ნახვა, სადაც ნაჩვენები იყო დამტვრეული მანქანები. მინიმუმ დავიწყეთ ამაზე საუბარი და გააზრება. ეს ილექება ცნობიერებაში, მაგრამ ეს არ მუშაობს ერთჯერადად, ამას მუდმივი საუბარი სჭირდება. ეს არ ეხება მხოლოდ სიჩქარის გადაჭარბებას, უკავშირდება ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვის, ტელეფონზე საუბრის, საპირისპირო ზოლში მოძრაობისა თუ მესიჯობის შემთხვევებს. ბევრი საკითხია, რაზეც უნდა ვიმუშაოთ. მინდა მივმართო მძღოლებს, რომ მხოლოდ სახელმწიფო ამას ვერ მოაგვარებს, მთავარი აქტორები ჩვენ ვართ, ჩვენ უნდა შევცვალოთ ქცევა უკეთესობისკენ, რადგან ის დარღვევები, რომლებიც დღეს ფიქსირდება, იწვევს იმას, რომ 500-მდე ადამიანი იღუპება გზებზე და 8 ათასამდე ადამიანი იღებს დაზიანებას“, – განაცხადა ეკა ლალიაშვლიმა.

