ბოთლების გარდა, პლასტმასის მასალაში შეფუთული სურსათის გაყიდვაც აიკრძალება – სამინისტრო
2027 წლის 1 თებერვლიდან პლასტმასის ბოთლებით სასმლის რეალიზაციის გარდა, იკრძალება პლასტმასის მასალაში/ნაკეთობაში შეფუთული/განთავსებული სურსათის წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტი და ბაზარზე განთავსება.
როგორც Bm.ge-ის სოფლის მეურნეობის სამინისტროში განუცხადეს, შესაბამისი დადგენილების პროექტი უკვე მზადაა და იგი ეხება არა მხოლოდ სასმელს, არამედ ნებისმიერი კატეგორიის სურსათს. თუმცა, მათივე განმარტებით, აკრძალვა არ გავრცელდება მზესუმზირის ზეთსა და 10 ლიტრი და მეტი მოცულობის სასმელ წყალზე.
ცნობისთვის, მომავალი წლის თებერვლამდე, აკრძალვა შეეხება საზოგადოებრივი კვების ობიექტებს, რომლებიც 1 ივლისიდან მომხმარებლისთვის პლასტმასის მასალაში/ნაკეთობაში შეფუთული/განთავსებული სურსათის მიწოდებას ვეღარ შეძლებენ.
სამინისტროში ამბობენ, რომ საკითხზე ბოლოს კერძო სექტორთან საუბარი გასული წლის ბოლოს, დეკემბერში ჰქონდათ, რომელსაც სასმელების მწარმოებლებიც ესწრებოდნენ.
„სამინისტრომ გამართა არაერთი შეხვედრა კერძო სექტორთან, სურსათთან შეხებაში მყოფი პლასტმასის პროდუქტების აკრძალვასთან დაკავშირებით. ბოლო შეხვედრა 2025 წლის 26 დეკემბერს შედგა სწორედ სასმელების მწარმოებელ კომპანიებთან, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ კვების ობიექტების წარმომადგენლები და ბიზნეს ასოციაცია. შეხვედრის ფარგლებში გაკეთდა პრეზენტაცია, სადაც დაინტერესებულ მხარეებს წარვუდგინეთ სამინისტროს ინიციატივა, მათ შორის პირველ ეტაპზე პლასტმასის სტუმარმასპინძლობის სექტორში აკრძალვასთან დაკავშირებით, ხოლო მომდევნო ეტაპზე წარმოების, იმპორტის და რეალიზაციის აკრძალვასთან დაკავშირებით“, – განაცხადეს სამინისტროში.
რაც შეეხება bm.ge-ის კითხვას, მსგავსი რეგულაცია რომელი ქვეყნის პრაქტიკას ეყრდნობა, გარემოს დაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ „საქართველოს მიდგომა პლასტმასის პრევენციის მიმართულებით ხასიათდება შედარებით ფართო და კომპლექსური ხედვით, რომელიც აერთიანებს როგორც კონკრეტული პროდუქტების ეტაპობრივ შეზღუდვას, ისე პრევენციულ, მარეგულირებელ და ინსტიტუციურ მექანიზმებს“, თუმცა უწყებაში არცერთი რომელიმე ქვეყნის პრაქტიკის გამოყენებაზე არ მიუთითებენ.
აღსანიშნავია, რომ პლასტმასის შემცირების რეგულაციის ერთი ეტაპი უკვე ამოქმედებულია. კერძოდ, 1 იანვრიდან აიკრძალა პლასტმასის ერთჯერადი პროდუქტების წარმოება (თუ საექსპორტოდ არაა განკუთვნილი), იმპორტი და ბაზარზე განთავსება. ამასთან, აიკრძალა საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ პლასტმასისგან დამზადებული ერთჯერადი გამოყენების სასურსათო კონტეინერებისა და ჭიქების საშუალებით მზა სურსათის მიწოდება მომხმარებლებისთვის. თუმცა, დადგენილება გარკვეულ გარდამავალ პერიოდს ითვალისწინებს, როდესაც მისი ამოქმედების შემდეგ აკრძალული პროდუქტების გამოყენება კვლავ დასაშვებია. კერძოდ, პლასტმასისაგან დამზადებული ჩანგლები, დანები, კოვზები, ჩხირები, თეფშები, საწრუპები, სასმლის მოსარევები, გაფართოებული პოლისტიროლისგან დამზადებული სასურსათო კონტეინერები და მათი თავსახურები, გაფართოებული პოლისტიროლისგან დამზადებული ჭიქები და მათი თავსახურები, რომლებიც განთავსებულია ბაზარზე ამ დადგენილების ამოქმედებამდე, დასაშვებია, ბაზარზე განთავსებულ იქნეს დადგენილების ამოქმედებიდან სამი თვის განმავლობაში.
1 აპრილიდან კი ამოქმედდება მორიგი რეგულაცია, რომლის თანახმადაც, საქართველოში სახელმწიფო უწყებების დიდ ნაწილს პლასტმასის ჭიქების, კონტეინერებისა და 3 ლიტრამდე მოცულობის ბოთლების შესყიდვა კანონით შეეზღუდებათ.

