ღვინის სააგენტოს ახალი მიდგომა მევენახეებს მეტ მოტივაციას მისცემს, უკეთესი პროდუქტი მოიყვანონ – “რთველისი”
ღვინის კომპანიების ნაწილში აცხადებენ, რომ წლევანდელ რთველთან დაკავშირებით ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაჟღერებული მიდგომა მისაღებია.
საქმე ისაა, რომ 2026 წლის რთველზე ხარისხის მიხედვით ყურძნის ფასთა სხვაობა კიდევ უფრო გამკაცრდება. როგორც ამ ეტაპისთვის არის ცნობილი, თეთრი ყურძნის შემთხვევაში, რომლის შაქრიანობაც 17-20%-ის ფარგლებშია, ფასი 80 თეთრი იქნება, ხოლო 20%-ზე მეტი შაქრიანობის ყურძნის შემთხვევაში სახელმწიფო 1.30 ლარს გადაიხდის. რაც შეეხება 17%-ზე დაბალი შაქრიანობის ყურძენს, ღვინის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ მისგან ღვინო არ უნდა დამზადდეს. მსგავსი შაქრიანობის ყურძენზე ფასი 80 თეთრზე ნაკლები იქნება.
როგორც კომპანია „რთველისის“ გენერალურმა დირექტორმა, თორნიკე ჭიკაძემ BMG-ის განუცხადა, რთველის დროს ფასების დიფერენცირება საბოლოოდ დარგში ხარისხის ზრდაზე დადებითად აისახება.
“ჩვენი კომპანია მიესალმება ღვინის ეროვნული სააგენტოს ახალ ინიციატივას. ვფიქრობთ, ფასი აუცილებლად უნდა დგინდებოდეს ხარისხის მიხედვით. არ შეიძლება ყველა კუთხის ყურძენი ერთ ფასი ღირდეს, რადგან მოვლის ხარჯი და ვენახზე გაწეული შრომა სხვადასხვაა. სრულიად მისაღებია, რომ დაბალშაქრიანი ან დაბალი ხარისხის ყურძენი ერთ ფასად ჩაიბარონ, ხოლო მაღალი ხარისხის და მაღალშაქრიანი – სხვა, უფრო მაღალ ფასად. ეს ობიექტური გადაწყვეტილებაა, რაც საწარმოებს დაეხმარება ხარისხის, ბიუჯეტისა და სამომავლო რეალიზაციის უკეთ მართვაში.
ახალი მიდგომა მევენახეებს მეტ მოტივაციას მისცემს, რომ უკეთესი პროდუქტი მოიყვანონ და მეტი ანაზღაურება მიიღონ. გაჟღერებული ფასები ლოგიკურია, რადგან მევენახეს დიდი ხარჯი აქვს და მის შრომას დაფასება სჭირდება“, – განაცხადა თორნიკე ჭიკაძემ.
მისივე თქმით, გრძელვადიან პერიოდში აუცილებელია, რომ მევენახეობის დარგი სრულად საბაზრო პრინციპებზე გადავიდეს და სახელმწიფო სუბსიდიიდან გამოვიდეს.
„თავისუფალი ბაზრის პრინციპი სწორედ ის არის, რომ ბაზარმა თავად დაარეგულიროს ფასი და არ ხდებოდეს ხელოვნური ჩარევები. საბოლოოდ უნდა მივიდეთ იმ სწორ გზამდე, სადაც ფასს განსაზღვრავს მოთხოვნა და არა ხელოვნური რეგულაციები. ყველაფერი დამოკიდებულია გაყიდვებზე: თუ გაყიდვები გაიზრდება, ყურძენიც უფრო მოთხოვნადი გახდება; თუ რეალიზაცია არ იქნება, მოთხოვნაც დაიკლებს. ეს მარტივი ლოგიკაა“, – აღნიშნა თორნიკე ჭიკაძემ.

