ახალი ამბები

65 წელს ზემოთ პირები სამეცნიერო დაწესებულების დირექტორის პოსტს ვეღარ დაიკავებენ

65 წელს ზემოთ პირები სამეცნიერო დაწესებულების დირექტორის პოსტს ვეღარ დაიკავებენ.

შესაბამისი ჩანაწერი გაჩნდა პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით დამტკიცებულ ცვლილებებში, რომელიც „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ კანონშიც შეიტანეს.

კერძოდ, კანონის ახალი რედაქციის მიხედვით, სამეცნიერო დაწესებულების დირექტორის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ ის პირი, რომლის ასაკი 65 წელს არ აღემატება. ამასთან, კანდიდატს უნდა ჰქონდეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში ან ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის კუთხით.

ცვლილებებით განისაზღვრა, რომ დაწესებულების დირექტორი ინიშნება 5 წლის ვადით და ერთი და იგივე პირის ზედიზედ დანიშვნა შესაძლებელია მხოლოდ ორჯერ. დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დაწესებულების სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს ხელმძღვანელი.

კანონი ასევე ითვალისწინებს, რომ დირექტორის დანიშვნამდე შესაძლებელია მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნა. დირექტორს ეძლევა უფლება, სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებით განსაზღვროს დაწესებულების მიერ გაწეული მომსახურების საფასური, ხოლო მისი სხვა უფლებები და მოვალეობები დაწესებულების წესდებით განისაზღვრება.

აღნიშნული ცვლილებები არ ვრცელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ სამეცნიერო დაწესებულებებზე.

კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში შესაბამისმა უწყებებმა საჭიროების შემთხვევაში უნდა უზრუნველყონ კანონქვემდებარე აქტების ახალ რეგულაციებთან შესაბამისობა.

ცვლილებები პარლამენტმა დაჩქარებული წესით, ორ დღეში მიიღო. უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი მოიცავს ასევე ორი სახელმწიფო უნივერსიტეტის – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებას, რომლის ფარგლებში ერთ-ერთი მთავარი სიახლე სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციას უკავშირდება.