ახალი ამბები

“ასკანელი” კახეთში Trademark Collection by Wyndham-ის ბრენდის სასტუმროს გახსნას მარტში გეგმავს

კომპანია „ასკანელი“ სტუმარმასპინძლობის მიმართულებას აფართოებს.

ბიზნესმენ გოჩა ჩხაიძის განცხადებით, კახეთში, კერძოდ, სანავარდოში Trademark Collection by Wyndham-ის ბრენდის ქვეშ არსებული სასტუმრო პირველ სტუმრებს, სავარაუდოდ, მარტიდან მიიღებს. 10 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტი კახეთში პრემიუმ სერვისებს შესთავაზებს მომხმარებელს.

ახალი სასტუმრო 46 ნომერს მოიცავს, თუმცა პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზიდულობის ცენტრი მეხუთე სართულზე განთავსებული 150-კაციანი რესტორანი იქნება, საიდანაც კავკასიონის ხედი იშლება.

„დედლაინი მაქვს 31 მარტი და ძალიან აქტიურად ვმუშაობთ. უამრავი ხალხია ჩართული და მიდის ეს პროცესი. ხომ იცით, ფინალში რომ გადიხარ, მაშინ ყველა პრობლემა ამოდის მაღლა და გინდა, რომ რაღაცნაირად სწრაფად „ჩახურო“. იმედია, რომ მოვასწრებთ.

მე ვფიქრობ, საინტერესო ნიშა ექნება, იმიტომ, რომ ეს შიგნით, მეღვინეობაშია ჩაფლული. იქ, ღვინის ქარხნის ტერიტორიაზეა, არის კახური ეზო და საკმაოდ პრემიალური დონის, ერთგვარი „ლაივსტრიმის“ საინტერესო კონცეფციაა. სტუმრებისთვის ბევრი რამ გვექნება ისეთი, რაც ღვინოსთან იქნება დაკავშირებული.

მე მინდა, რომ ორ-სამ წელიწადში სულ „ჩავხურო“ პროექტი, იმიტომ, რომ საკონცერტო დარბაზიც არის განსაზღვრული, კიდევ მეორე, 100-ნომრიანი კორპუსის მშენებლობა, იქ შიგნით რაღაც კოტეჯებზეც ვფიქრობთ. ახლა არ მინდა ყველაფერზე ვისაუბრო, რომ არ გამოვიდეს ისე, თითქოს ბევრი ვილაპარაკე და რაღაც არ შესრულდა. ამიტომ, ჯობია, ჯერ გავაკეთოთ და მერე ვისაუბროთ.

იქ იქნება ძალიან საინტერესო რესტორანი, ასევე, მეხუთე სართულზე, საიდანაც კავკასიონის ხედი იშლება. რესტორანი არის 150-კაციანი და ვფიქრობ, რომ უამრავი სტუმარი ეყოლება სხვადასხვა მხრიდან”, – განაცხადა ჩხაიძემ.

სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესის პარალელურად, „ასკანელი“ სიახლეებს ღვინის წარმოებაშიც გეგმავს. გოჩა ჩხაიძე არ გამორიცხავს, რომ წელსვე დანერგონ უალკოჰოლო ღვინის ხაზი, რისთვისაც კომპანიის მფლობელობაში არსებული 7 საწარმოდან ერთ-ერთს გამოიყენებენ.