ეუთოს ინფორმაციით, „მოსკოვის მექანიზმით“ გათვალისწინებული ექსპერტთა მისია დაკომპლექტების პროცესშია
ეუთო “მოსკოვის მექანიზმით” გათვალისწინებული ექსპერტთა მისიის დაკომპლექტების პროცესშია, – ამის შესახებ ეუთოს მიერ „ინტერპრესნიუსისთვის“ გაგზავნილ წერილშია ნათქვამია.
სააგენტომ აღნიშნული მექანიზმის ამოქმედების საკითხზე ეუთოს რამდენიმე კითხვით მიმართა.
როგორც ეუთოში განმარტავენ, „მოსკოვის მექანიზმის“ პირობების შესაბამისად, ექსპერტები მუშაობას მათი დანიშვნიდან უმოკლეს ვადაში დაიწყებენ და აქტივობებს წინასწარ, მექანიზმით განსაზღვრული დროის მონაკვეთში განახორციელებენ. მათივე ინფორმაციით, “მოსკოვის მექანიზმით“ გათვალისწინებული ექსპერტთა მისიის საქართველოში ჩამოსვლის კონკრეტული დრო ახლა ზუსტდება“.
„მოსკოვის მექანიზმის“ შესაბამისად, მისია დაკომპლექტებული იქნება დამოუკიდებელი ექსპერტებისგან, რომლებსაც ეუთოს მონაწილე სახელმწიფოები ეუთოს შესაბამისი პროცედურების მიხედვით შეარჩევენ. ექსპერტების მისიის მასშტაბი განისაზღვრება „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედების კონკრეტული პირობებით“, – ნათქვამია ეუთოს მიერ „ინტერპრესნიუსისთვის“ გამოგზავნი პასუხში.
ამასთან, წერილში აღნიშნულია, რომ „მოსკოვის მექანიზმი“ მისი ჩამოყალიბების მომენტიდან 17-ჯერ არის ამოქმედებული სხვადასხვა ქვეყნის მიმართ ადამიანის უფლებების სერიოზულ პრობლემებთან მიმართებით.
„აქედან საქართველოში 2024 წლის გაზაფხულიდან არსებული მდგომარეობაზე ფოკუსირებით, ადამიანის უფლებათა კუთხით ვითარების შესწავლის მიზნით ეუთოს 23 მონაწილე ქვეყნის მიერ „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედება აღნიშნული მექანიზმის გამოყენების უკანასკნელი შემთხვევა“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
ეუთო არ საუბრობს, კონკრეტულად რა ფაქტები გახდა საქართველოსთან მიმართებით „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედების რეალური საფუძველი და აღნიშნავს, რომ „როდის და რა ფორმით მოხდება მექანიზმის გააქტიურება, მთლიანად ეუთო-ს მონაწილე ქვეყნებზეა დამოკიდებული“.
ცნობისთვის, ეუთომ საქართველოს შემთხვევაში „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედების შესახებ განცხადება 29 იანვარს გაავრცელა. იანვრის ბოლოს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ „მოსკოვის მექანიზმი“ ეუთო-ს 24-მა მონაწილე ქვეყანამ გაააქტიურა, თუმცა „ინტერპრესნიუსისთვის“ გამოგზავნილ წერილში ორგანიზაცია მიუთითებს, რომ საქართველოში ექსპერტთა მისიის გამოგზავნას 23 ქვეყანა შეუერთდა. ეუთო არ ახსენებს ბოსნია და ჰერცეგოვინას.
შეგახსენებთ იმასაც, რომ ეუთოს მონაწილე ქვეყნების მიერ „მოსკოვის მექანიზმის“ გააქტიურებას საქართველო 2022 წლიდან 2025 წლის ჩათვლით 5 შემთხვევაში შეუერთდა, რაც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას უკავშირდებოდა.

