ახალი ამბები

საია-მ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისს საქართველოში 2025 წელს ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით წერილობითი კომუნიკაცია წარუდგინა

საიამ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისს საქართველოში 2025 წელს ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით წერილობითი კომუნიკაცია წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საია ავრცელებს.

მათივე ცნობით, კომუნიკაცია 2025 წლის 1-ლი იანვრიდან საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობას მიმოიხილავს. მათ შორის: გამოხატვის, შეკრების, გაერთიანების თავისუფლებასა და წამების აკრძალვასთან დაკავშირებულ მძიმე მდგომარეობას; სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებისკენ მიმართულ ქმედებებსა და საკანონმდებლო ინიციატივებს, რომლებიც სამოქალაქო აქტიურობის კრიმინალიზებას ისახავს მიზნად.

„2026 წელს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი (OHCHR), წინა წლების მსგავსად, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს საქართველოს შესახებ მოხსენებას (საბჭოს სამოცდამეერთე სესია) და ანგარიშს (საბჭოს სამოცდამეორე სესია) წარუდგენს. აღნიშნული მოხსენებისა და ანგარიშის მომზადების მიზნით, საიამ OHCHR-ს წერილობითი კომუნიკაცია წარუდგინა, რომელიც 2025 წლის 1-ლი იანვრიდან საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობას მიმოიხილავს.

საიას დოკუმენტი მიმოიხილავს გამოხატვის შეკრების და გაერთიანების თავისუფლებასთან და წამების აკრძალვასთან დაკავშირებულ მძიმე მდგომარეობას. იგი ხაზს უსვამს, რომ შეკრების თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებებით, პოლიტიკურად მოტივირებული ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი მართლმსაჯულებით საქართველოში ამ უფლებით სარგებლობა ფაქტობრივად კრიმინალიზებულია. კომუნიკაცია ასევე ყურადღებას ამახვილებს 2025 წელს გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართულ ცვლილებებზე, რომლებიც კრიტიკულ პოლიტიკურ გამოხატვასთან დაკავშირებით მსუსხავ ეფექტს ქმნიან და საჯარო დისკუსიის დაცვის გარანტიებს მნიშვნელოვნად ასუსტებენ.

კომუნიკაციაში, ასევე, აღწერილი არის არასათანადო მოპყრობის ის შემთხვევები, რომლებიც 2025 წელს დაფიქსირდა და 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის სისტემური წამების გაგრძელებას წარმოადგენს. ამასთან, ანგარიში შეეხება სისტემური და ფართოდ გავრცელებული წამების და საპოლიციო ძალადობის არაეფექტიან გამოძიებასა და დაუსჯელობის კულტურას, რაც ძალადობის კოორდინირებულ ბუნებაზე კიდევ ერთხელ მიუთითებს.

ამასთან, დოკუმენტში ყურადღება არის გამახვილებული 2024 წელს წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერებების შერევის გამოძიების აუცილებლობაზე, ამ პრაქტიკის უკანონო, არაპროპორციულ და განსაკუთრებით საფრთხისშემცველ ბუნებაზე.

კომუნიკაცია, ასევე, მიმოიხილავს 2025 წელს სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებისკენ მიმართულ ქმედებებსა და საკანონმდებლო ინიციატივებს, რომლებიც სამოქალაქო აქტიურობის კრიმინალიზებას ისახავს მიზნად. აღსანიშნავია, რომ ამ რეპრესიული ზომების გაგრძელებას წარმოადგენს 2026 წლის 3 თებერვალს პირველი მოსმენით მიღებული ცვლილებები, რომლებიც შინაარსს კიდევ უფრო აცლის გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებებს.

აღსანიშნავია, რომ OHCHR-მა წინა წელს, ადამიანის უფლებათა საბჭოსთვის წარდგენილ ანგარიშში, რომელიც 2024 წელს შეეხებოდა, ყურადღება გაამახვილა საქართველოში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე და სახელმწიფოს მოუწოდა, მათ შორის, შეეწყვიტა დემონსტრანტების თვითნებური დაკავება და არასაჭირო, არაპროპორციული საპოლიციო ძალის გამოყენება. უზრუნველეყო შეკრების თავისუფლების დაცულობა, დაკავებულთა უფლებების დაცვა და სასამართლოს დამოუკიდებლობა. ჩაეტარებინა სწრაფი, დამოუკიდებელი და დეტალური გამოძიება საპოლიციო ძალადობაზე პასუხისმგებელი პირების გამოსავლენად. გადაეხედა შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებით 2024 წლის დეკემბერში მიღებული ცვლილებებისთვის რათა მოეყვანა კანონმდებლობა საერთაშორისო ვალდებულებებთან თანხვედრაში. OHCHR ასევე მოუწოდებდა სახელმწიფოს გაეუქმებინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი (რუსული კანონი) და უზრუნველეყო სამოქალაქო საზოგადოებისთვის მხარდამჭერი გარემოს შექმნა.

სამწუხაროდ, 2025 წლის განმავლობაშიც, ამ რეკომენდაციების შესრულების ნაცვლად, სიტუაცია სწრაფად უარესდებოდა სახელმწიფოს ძალადობრივი ქმედებებით, ახალი რეპრესიული საკანონმდებლო ინიციატივებითა და პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების ინტენსიური გამოყენებით”, – ნათქვამია გავრცელებულ დოკუმენტში.