სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გურჯაანის მერიის 2 თანამშრომელს და 2 მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დღეს ჩატარებული მასშტაბური ანტიკორუფციული ღონისძიების შედეგად, შვიდ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით, დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია, სულ, 21 ადამიანი.
სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თაღლითობის, თაღლითობაში დახმარების, სამსახურებრივი სიყალბისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელს, ამავე მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს გურჯაანში და ორ მოქალაქეს ბრალდება წარედგინათ.
ჩატარებული გამოძიებით გამოვლენილია, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელმა განიზრახა თაღლითურად დაუფლებოდა გურჯაანში, გ. ლეონიძის ქუჩაზე მდებარე 3 900 კვ. მ. ფართობის მიწის ნაკვეთს. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, მან განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა მიწის ნაკვეთზე უფლებათა სპორადული წესით რეგისტრაცია. მერის წარმომადგენელმა, რომელსაც ევალებოდა საკითხის შესწავლა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, შეადგინა და გასცა ყალბი საკუთრების უფლებადამდგენი დოკუმენტი, რის საფუძველზეც მიწის ნაკვეთი უკანონოდ დარეგისტრირდა გურჯაანის მერიის ზემოაღნიშნული თანამშრომლის სახელზე, რითაც სახელმწიფოს 70 200 ლარის ზიანი მიადგა.
აღნიშნულ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით, 25, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით, 341-ე მუხლით და 362-ე მუხლის მეორე ნაწილით „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

