ახალი ამბები

რა შეიძლება ჩაეთვალოს მეწარმეს პოლიტიკურ აქტივობად – კანონპროექტის დეტალები

„ქართულმა ოცნებამ“ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტში უკვე დაარეგისტრირა.

კანონპროექტის მიხედვით, ცვლილებები მეწარმე სუბიექტის საჯარო პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით ხორციელდება.

უფრო კონკრეტულად, მეწარმე სუბიექტის მიერ ისეთი საჯარო პოლიტიკური აქტივობის განხორციელებისთვის, რომელიც არ არის დაკავშირებული მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან, ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა დგინდება.

კანონის დარღვევის შემთხვევაში სახელმწიფო აუდიტის სამსახური მეწარმე სუბიექტს 20 ათასი ლარის ოდენობით დააჯარიმებს, ხოლო განმეორებით და ყოველ შემდგომ დარღვევაზე ჯარიმა 40 ათასი ლარის ოდენობით იქნება.

რა შეიძლება ჩაეთვალოს მეწარმეს პოლიტიკურ აქტივობად?

“პოლიტიკურ აქტივობად მიიჩნევა საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის მიზნით განხორციელებული ან განსახორციელებელი აქტივობა, რომელიც მიმართული იქნება საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ,”
– ვკითხულობთ “ქართულ ოცნების” მიერ მომზადებულ კანონპროექტში.

აღსანიშნავია, რომ პროექტის თანახმად, მსგავსი სამართალდარღვევის საქმის განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება ექნება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.

პოლიტიკური პარტიისთვის დაუშვებელია შემოწირულების მიღება საქართველოში ან საქართველოს ფარგლების გარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირისგან ან/და პირთა სხვა სახის გაერთიანებისგან. ამის გათვალისწინებით, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება მიზნად ისახავს მეწარმე იურიდიული პირის მიერ მათი ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებს მიღმა პოლიტიკური პროცესებზე არაპროპორციული გავლენის პრევენციასა და პოლიტიკური პროცესების სამართლიანობის, გამჭვირვალობისა და თანასწორი მონაწილეობის უზრუნველყოფას.

საგულისხმოა ის ფაქტი, რომ მეწარმე იურიდიული პირები, როგორც ეკონომიკური ძალაუფლების მქონე პირები, ფლობენ მნიშვნელოვან ფინანსურ, ორგანიზაციულ და საკომუნიკაციო რესურსებს, რომელთა პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება ქმნის რისკს, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებების ფორმირება განხორციელდება არა საზოგადოებრივი ინტერესების, არამედ კერძო ეკონომიკური ინტერესების გავლენით. რეგულაცია არ ზღუდავს მეწარმე იურიდიული პირის თავისუფლებას განახორციელოს ეკონომიკური საქმიანობა ან გამოხატოს მოსაზრება მის საქმიანობასთან პირდაპირ დაკავშირებულ საკითხებზე.

შეზღუდვა ვრცელდება მხოლოდ იმ პოლიტიკურ აქტივობაზე, რომელიც ფუნქციურად არ უკავშირდება მის სამეწარმეო მიზნებს და ფაქტობრივად პოლიტიკური პროცესების დასაფინანსებლად გამოიყენება. კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებებით განისაზღვრება პასუხისმგებლობა იმ ქმედებებისთვის, რომლებითაც პოლიტიკური აქტივობა არ არის დაკავშირებული სუბიექტის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან და სცდება მისი პროფესიული ან დარგობრივი ინტერესების დაცვას.

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, წარმოდგენილი კანონპროექტი მიზნად ისახავს პოლიტიკური კონკურენციის თანასწორ პირობებში განხორციელებას, დემოკრატიულ პროცესების დაცვას ეკონომიკური ძალაუფლების დომინირებისგან და საზოგადოების ნდობის გაძლიერებას პოლიტიკის ფორმირების პროცესის მიმართ“, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.