ახალი ამბები

„ძლიერი საქართველო – ლელოს“ საგარეჯოს ორგანიზაციის თავმჯდომარე, საკრებულოს წევრი მანავის სკოლის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„ძლიერი საქართველო – ლელოს“ საგარეჯოს ორგანიზაციის თავმჯდომარე, საკრებულოს წევრი თამარ ყორღანაშვილი სოფელ მანავის სკოლის რეაბილიტაციის დაწყებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

თამარ ყორღანაშვილის განცხადებით, სისტემატურ კონტროლს დააწესებს მშენებლობის ვადებსა და ხარისხზე და სერიოზული რეაგირება ექნება ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში.

„სოფელ მანავის სკოლა, რომელიც წლების მანძილზე დაკეტილი იყო ავარიული მდგომარეობის გამო, როგორც იქნა მუნიციპალური განვითარების ფონდის განცხადებით, რეაბილიტირებული იქნება და ბავშვები სწავლის გაგრძელებას მშობლიურ სკოლაში შეძლებენ. მივესალმებით ამ ამბავს და ველოდებით, რომ პროცესი ვადებში და ხარისხიანად წარიმართება და კიდევ წლები არ გაჭიანურდება. მიუხედავად იმისა, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით შენობა თითქოს რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა და ახალი უნდა აშენებულიყო, არ გვგონია, რომ ბავშვებს ვინმე საფრთხისთვის გაიმეტებს და ეს ახალი გადაწყვეტილება შენობის სერიოზული შესწავლის გარეშე იქნა მიღებული. სხვათა შორის ამ და კიდევ 13 ანალოგიური სკოლის რეაბილიტაციის ან ხელახლა აშენების მოთხოვნით „ძლიერმა საქართველო – ლელომ“ საგანგებო ბრიფინგი ჩაატარა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წერილობით მიმართა. პირადად მე, როგორც საკრებულოს წევრი, ვპირდები მანავის მოსახლეობას, რომ სისტემატურ კონტროლს დავაწესებ მშენებლობის ვადებსა და ხარისხზე და თქვენი მონაწილეობით სერიოზული რეაგირება გვექნება ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში“, – განაცხადა „ძლიერი საქართველო – ლელოს“ საგარეჯოს ორგანიზაციის თავმჯდომარემ, საკრებულოს წევრმა თამარ ყორღანაშვილმა.