ახალი ამბები

პოლონეთში ამოქმედდა ახალი კანონი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში გამარტივებული გზით სამუშაო ვიზას ვეღარ იღებენ

2025 წლის 1-ლი დეკემბრიდან პოლონეთში ამოქმედდა ახალი კანონი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში გამარტივებული გზით სამუშაო ვიზას ვეღარ იღებენ.

შეგახსენებთ, რომ იქამდე მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, საქართველო იყო იმ 5 ქვეყანას შორის, რომლის მოქალაქეებსაც მხოლოდ სპეციალური დეკლარაციის შევსებით შეეძლოთ პოლონეთში სამსახურის დაწყება. ცვლილებებს შემდეგ კი უკვე სტანდარტული პროცედურების გავლა უწევთ.

როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ პოლონეთში მომუშავე HR რეკრუტორმა, ირინა ნამიჭეიშვილმა განუცხადა, ცვლილებამ, პრაქტიკულად, ქართველების პოლონეთში დასაქმებას წერტილი დაუსვა.

მისივე თქმით, ემიგრანტების დიდი ნაწილი უკან, სამშობლოში დაბრუნდა.

„ძალიან დაძაბული სიტუაციაა. გარდა იმისა, რომ ახალ კანდიდატებს ვეღარ ვუშვებთ ისეთი რაოდენობით, იქ მომუშავე ხალხსაც დაუმთავრდა ხელშეკრულებები 2025 წლის ბოლოს. ახალი კანონი 1-ელ დეკემბერს შევიდა ძალაში და სწრაფად დასაქმება ვეღარ მოხერხდა ამ ხალხის. შესაბამისად, ემიგრანტების ძალიან დიდი ნაწილი დაბრუნდა უკან. სამსახურები არ არის, შუამავალი სააგენტოების უმრავლესობას კი აღარ უნდა საქართველოს მოქალაქეების დასაქმება.

ჩემი პროგნოზები გამართლდა, დარჩა მხოლოდ სამშენებლო პროექტები და ხორცის ქარხნები, სადაც სულ სჭირდებათ ხალხი, იმიტომ, რომ იქ მუშაობა არავის უნდა. საკმაოდ რთული სამსახურებია. ძალიან მცირე რაოდენობის ხალხი მიდის ახლა საქართველოდან პოლონეთში, მხოლოდ ისინი, ვისაც აქვს სურვილი, რომ ამ სექტორებში დასაქმდეს. თუ პირადად მე, თვეში მიმყავდა მინიმუმ 30 ადამიანი, ახლა წამსვლელია 4-5 კანდიდატი. აი, ამდენით შემცირდა. იქ მყოფები კიდევ, ალბათ 70% მაინც დაბრუნდა უკან. ძალიან ბევრი ადამიანი, რადგან ახალი კანონის პირობებში, საკმაოდ დიდხანს უწევთ სამუშაო ნებართვის ლოდინში ყოფნა. წარმოუდგენელია, რომ 2-3 თვე ემიგრანტი უცხო ქვეყანაში უმუშევრად იჯდეს. ხარჯებთანაა ეს დაკავშირებული. ვინც საქართველოში ოჯახებს ინახავდა, მათთვის წარმოუდგენელი იყო იქ დარჩენილიყო 3 თვე და ახალ სამუშაო ნებართვას დალოდებოდა. თუმცა, არიან პოლონეთში ისეთი ოჯახებიც, ვინც იქ ცხოვრობს და მასიურად არ აგზავნის საქართველოში თანხებს. ვისაც აქეთ გამოსაგზავნად დიდი თანხები არ სჭირდებოდა ყოველთვიურად, ისინი ჯერ კიდევ მანდ არიან და ელოდებიან.

ახლა რაზეც მიდიან სამუშაოდ სამშენებლო პროექტებისა და ხორცის ქარხნებში, აქამდე ქართველების 90%-ს ამ სამსახურებში არ უნდოდა მუშაობა. მე მივლია თარჯიმნად ამ ფაბრიკებში, უსაფრთხოების გაკვეთილებზე და მინდა გითხრათ, რომ აუტანელი სიცივეა, სპეციფიკური სუნი და ა.შ. საკმაოდ რთული პირობებია. ვცდილობდი, რომ არც მემუშავა ამ პროექტებზე, არ ვიღებდი შეკვეთებს, რადგან ვიცოდი, რომ 10-დან 1-ს თუ მოუნდებოდა მანდ მუშაობა. ახლა კი, პრაქტიკულად, მხოლოდ ეგ დაგვრჩა.

ეს სიტუაცია ერთი წინადადებით რომ დამეხასიათებინა, ვიტყოდი, რომ დამთავრდა პოლონეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის. ვეძებთ გამოსავალს, ვცდილობთ ალტერნატიული გზების მოძიებას, სადაც ჯერ არ არის სიტუაცია გაფუჭებული. პირობითად, ჩეხეთი, ლიტვა, ლატვია. მანდ ჯერ არ დგას ასე მწვავედ ეს საკითხები. რა თქმა უნდა, იმასაც ველოდებით, რომ ევროპის სხვა ქვეყნებშიც გაუფუჭდეთ სიტუაცია ქართველებს დასაქმების კუთხით.

ძალიან მძიმე მდგომარეობაა. თუმცა, იმედის ნაპერწკალი მაინც არის. ზოგადად, ამ პერიოდში, ახალი წლის მერე, ყოველთვის მიძინებული სეზონი იყო შედარებით. არ იყო იმხელა შეკვეთები, რაც სხვა სეზონებზე. სწორედ ამიტომ გვაქვს ეს იმედის ნაპერწკალიც. ველოდებით გაზაფხულს, როცა ძალიან დასჭირდებათ ხალხი, იქნებ რაღაც შეიცვალოს. ვერ რისკავენ, ვერ ბედავენ სამუშაო ნებართვების გაკეთების დაწყებას. ეს იმიტომ, რომ არის საშიშროება, როცა უკვე მზად იქნება ნებართვა, პროექტს აღარ დასჭირდეს ხალხი. სანამ ეს კანონი შემოვიდოდა, ასეთ მდგომარეობაში იყო თურქეთი, ინდოეთი… ვინც მარტივი დასაქმების სიაში არ იყო. სწორედ ამ სიაში მოვხვდით ქართველებიც“, – განაცხადა ირინა ნამიჭეიშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას.