სკოლებში გაიზრდება მანდატურების, ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკების რაოდენობა
საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციის ფარგლებში, სწავლაზე კონცენტრაციის გაზრდისა და სასწავლო პროცესის უწყვეტობის უზრუნველსაყოფად, სკოლებში შემუშავდება მობილური ტელეფონების გამოყენების წესი.
კონცეფციის თანახმად, აღნიშნული რეგულაცია მიზნად ისახავს მოსწავლეთა ჯანსაღი კომუნიკაციისა და ქცევის მოდელის ჩამოყალიბების ხელშეწყობას.
ამასთან, გეგმის ფარგლებში გაიზრდება მანდატურების, ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკების რაოდენობა, ხოლო ყველა სკოლა უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი მხარდაჭერის სერვისებით.
“ინფრასტრუქტურული პოლიტიკა არ შემოიფარგლება მხოლოდ ახალი სკოლების მშენებლობით ან რეაბილიტაციით. მნიშვნელოვანია სკოლის სივრცეების გონივრული და მოქნილი ათვისება. სასკოლო ინფრასტრუქტურა განვითარდება მრავალმხრივი მიდგომით, რომელიც მოიცავს როგორც მასშტაბურ მშენებლობასა და რეაბილიტაციას, ისე რესურსების მიზნობრივ გადანაწილებას. გაგრძელდება სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის თანმიმდევრული, წლიურად დაგეგმილი პოლიტიკის განხორციელება.
სკოლებში ჩამოყალიბდება საბაზისო თანამედროვე ინფრასტრუქტურული სტანდარტი, რომელიც მოიცავს: სრულად აღჭურვილ ლაბორატორიებს, გამართულ სპორტულ ინფრასტრუქტურას, ბიბლიოთეკებს, კვების ობიექტებს, არაფორმალური განათლებისთვის კეთილმოწყობილ სივრცეებს, სრულად ადაპტირებულ გარემოს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება საკლასო ოთახების აღჭურვაზე თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ინტერაქტიური, მრავალფეროვანი რესურსებით.
სწავლაზე ორიენტირებული გარემოს უზრუნველსაყოფად სკოლებში შემუშავდება მობილური ტელეფონების გამოყენების წესი, რომლის მიზანია მოსწავლეთა კონცენტრაციის გაძლიერება, კომუნიკაციისა და ქცევის უფრო ჯანსაღი მოდელის ჩამოყალიბება და სასწავლო პროცესის უწყვეტობის დაცვა.
უსაფრთხო სასკოლო გარემოს უზრუნველსაყოფად, ბულინგის პრევენციის მიზნით, რეგულარულად განხორციელდება საინფორმაციო კამპანიები მოსწავლეთა ცნობიერების ასამაღლებლად, აგრეთვე, მასწავლებლებს მეტი ინტენსივობით ჩაუტარდებათ შესაბამისი გადამზადება ბულინგის შემთხვევების იდენტიფიცირებისა და კონკრეტულ სიტუაციებში სათანადო რეაგირებისთვის.
გაიზრდება მანდატურების, ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკების რაოდენობა და ყველა სკოლა უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი სერვისით“, – ნათქვამია მთავრობის მიერ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციაში.

