გურჯაანში ახალი პარკის პროექტირება იწყება
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, გურჯაანში, თანამედროვე სტანდარტების სარეკრეაციო სივრცის პროექტირებას იწყებს.
პროექტის მიზანია, შეიქმნას ინფრასტრუქტურა, რომელიც ხელი შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, სოციალური კავშირების გაღრმავებას, საზოგადოებრივი ღონისძიებების ორგანიზებასა და ტურიზმის განვითარებას.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საბავშვო სათამაშო ზონების, სპორტული მოედნების, კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცეების, საფეხმავლო და ველო ბილიკების მოწყობა. გურჯაანის ახალ პარკში უნდა განთავსდეს, ასევე, პავილიონები, საინფორმაციო ცენტრი, მოეწყოს დეკორატიული ტბა და შადრევნები.
გარდა ამისა, პროექტის მიხედვით მოეწყობა უსაფრთხოების და განათების თანამედროვე სისტემები, წყალმომარაგების, სარწყავი და სადრენაჟე ქსელები. გურჯაანის ახალი პარკი სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის.

