ახალი ამბები

ექთნებსა და მეან-ექთნებს რეესტრში ავტორიზაცია მოუწევთ

ექთნებისა და მეან-ექთნებისთვის სახელმწიფო რეესტრი იქმნება. შედეგად, ექთნებს რეესტრში ავტორიზაციის გავლა მოუწევთ. რეესტრის წარმოების წესი უკვე დამტკიცებულია, ცვლილებები კი 2026 წლის 26 იანვრიდან ამოქმედდება.

„ექთნებისა და მეან-ექთნების რეესტრის წარმოება სახელმწიფო სერტიფიკატის/რეგისტრაციის მოწმობის გაცემის, მისი მოქმედების შეჩერების, განახლების, გაუქმების, ასლის გაცემის შესახებ მონაცემთა ერთიანი, სრული ბაზის შექმნის საფუძველია“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

რეესტრში რეგისტრაციის წესი შემდეგნაირად განისაზღვრება:

რეესტრში ავტორიზაციის მიზნით მაძიებელი ავსებს ელექტრონულ განაცხადს მისამართზე – www.nursecertification.moh.gov.ge;
მაძიებელი რეესტრში უთითებს შემდეგ საიდენტიფიკაციო მონაცემებს: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და კვალიფიკაციის/აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი ორგანოს სახელწოდება.
ამასთანავე, დოკუმენტით განისაზღვრა უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ავტორიზაციის წესიც. კერძოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში მატერიალური ფორმით უნდა წარადგინონ განაცხადი, პასპორტი და მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

„განაცხადის განხილვის შედეგის შესახებ ინფორმაცია მაძიებელს მიეწოდება მოკლე ტექსტური და/ან ელექტრონულ სისტემაში გაკეთებული შეტყობინების გზით.

მატერიალური ფორმით შეტანილი განაცხადის განხილვის შედეგის შესახებ ინფორმაცია მაძიებელს მიეწოდება განაცხადში მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე“, -აღნიშნულია ბრძანებაში.