სურსათის ფასებზე შექმნილი სამთავრობო კომისია დისტრიბუტორებს შეხვდება
დღეს სურსათის ფასებზე შექმნილი სამთავრობო კომისია დისტრიბუტორებს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაცია პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაადასტურა. მისივე თქმით, მომდევნო კვირას იგეგმება მწარმოებლებთან შეხვედრა.
“გვექნება შეხვედრა დისტრიბუტორებთან, ორშაბათს გვაქვს დაგეგმილი შეხვედრა პროდუქციის ქართველ მწარმოებლებთან. ასევე, შეხვდებით ფარმაცევტული სფეროს წარმომადგენლებს, ვინაიდან მედიკამენტებზე ფასების შესწავლაც არის ჩვენი კომისიის ერთ-ერთი მანდატი. ბოლო შეხვედრა შედგება უკვე საწვავის რეალიზატორებთან. სპეციფიკა მსგავსია განსაკუთრებით მედიკამენტებსა და სურსათს შორის. ასევე საწვავის შემთხვევაშიც, იგივე პრინციპია იმპორტი, დისტრიბუცია, რეალიზაცია. ერთი და იგივე ჯაჭვი მოქმედებს, ამიტომ გავაერთიანეთ ყველა ეს საკითხი და ერთიანად გვინდა შევისწავლოთ ფასნამატი სამივე პროდუქტის შემთხვევაში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მას არ დაუკონკრეტებია ფარმასექტორისა და საწვავის რეალიზატორებთან დაგეგმილი შეხვედრების თარიღები. ცნობისთვის, სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო საკოორდინაციო კომისიამ, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, პირველი სხდომა 20 იანვარს გამართა. გუშინ, 21 იანვარს კი, “ფასების კომისიის” წარმომადგენლები პროდუქტის მაღალ ფასებთან დაკავშირებით სუპერმარკეტების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
კობახიძის შეფასებით, ქსელური მარკეტების წარმომადგენლებთან შეხვედრა კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართა და იყო პროდუქტიული.
“პირველი შეხვედრა, რაც შედგა ქსელებთან, ძალიან კონსტრუქციულად წარიმართა და მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო. რა თქმა უნდა, ჩვენი მოტივი და მოტივაცია ესმით მათ ძალიან კარგად, ფასების შემცირება რომ გვინდა, ამას ობიექტური საფუძველი რომ აქვს, ეს ეჭვქვეშ ვერ დადგება ვერავის მხრიდან, მათ შორის, ვერც სექტორის წარმომადგენლების მხრიდან. შესაბამისად, შეხვედრა ძალიან კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართა, პროდუქტიული იყო, გარკვეული დასკვნების გაკეთების საშუალება მოგვცა. საბოლოო ჯამში, როცა ყველა შეხვედრა შედგება ამ 2 კვირის განმავლობაში, მერე უკვე გვექნება იმის საშუალებაც, რომ სექტორის სხვადასხვა წარმომადგენლებთან ერთობლივადაც შევიკრიბოთ იმისათვის, რომ შევაჯეროთ პოზიციები. სწრაფად წარიმართება ეს პროცესი. ჩვენ თვის ბოლომდე უკვე ვგეგმავთ ჩვენს ნაწილში ამ პროცესის დასრულებას, ვგულისხმობ შეხვედრებს, შემდეგ გაგრძელდება ანალიზი და უკვე თებერვლის დასაწყისიდან, როდესაც სესია დაიწყება პარლამენტში, იქაც წარიმართება შესაბამისი სამუშაო პროცესი კომისიის ფორმატში“, – განაცხადა მან.

