ახალი ამბები

ქსელურ სუპერმარკეტებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შევიდა

ქსელურ სუპერმარკეტებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შევიდა.

არსებული ინფორმაციით, კერძოდ, რითეილ ასოციაციაში აცხადებენ, რომ სუს-მა კომპანიებში ფინანსური დოკუმენტაცია ამოიღო.

“შესამოწმებლად მოგვმართეს განჩინებებით და ამოიღეს სხვადასხვა სახის დოკუმენტაცია. ამოღებულია ხელშეკრულებები, ინვოისები, ფაქტურები. მშვიდობიანი ფორმით“, – აცხადებენ რითეილ ასოციაციაში.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2025 წლის 24 დეკემბერს განაცხადა, რომ სურსათის ევროპულ და ქართულ ფასებს შორის დიდი სხვაობა განპირობებულია სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატით, რაც საქართველოს საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს.

24 დეკემბერსვე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლას იწყებს. 2026 წლის 5 იანვარს კი სურსათის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო კომისია შეიქმნა.

20 იანვარს გაიმართა სამთავრობო კომისიის 1-ლი შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც ცნობილი გახდა, რომ სამთავრობო საკოორდინაციო კომისია სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებით იმუშავებს. ამასთან, გამოითქვა მოსაზრება რომ კომისია მუშაობას სავარაუდოდ აპრილის ბოლომდე დაასრულებს.