ახალი ამბები

2025 წელს საქართველოში სურსათის იმპორტი 20%-ით გაიზარდა

2025 წელს საქართველოში სურსათის პროდუქტების, სასურსათო ნედლეულის, ასევე უალკოჰოლო და ალკოჰოლიანი სასმელების იმპორტმა რეკორდულ 2.2 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც წლიურად 20%-ით, ანუ 378 მილიონი დოლარით არის გაზრდილი. კონკრეტული ჯგუფებიდან ყველაზე დიდი მოცულობის – 238 მილიონი დოლარის იმპორტი საქართველოს ხორცის პროდუქტების მიმართულებით ჰქონდა.

სტატისტიკის თანახმად, საქართველოში ადგილობრივი წარმოების მიმართულებით ყველაზე დიდი დეფიციტი სწორედ ხორცის და რძის პროდუქტების მხრივ აქვს, შესაბამისად ამ საქონლის იმპორტი ყველაზე მაღალია.

ქვეყნების მიხედვით, საქართველომ ყველაზე მეტი სასურსათო პროდუქტი რუსეთიდან იყიდა, რაც ჯამურად 539 მილიონ დოლარს შეადგენდა, სადაც მარცვლეული პირველ პოზიციას იკავებდა. სურსათის იმპორტში მეორე ადგილს იკავებს თურქეთი 242 მილიონი დოლარით, მესამეზე კი უკრაინაა 139 მილიონით.

რეიტინგის სათავეში ასევე არიან ბრაზილია – 104 მილიონი დოლარით; პოლონეთი 90.4 მილიონი დოლარით და საფრანგეთი 87 მილიონი დოლარით, საიდანაც საქართველო ძირითადად რძის პროდუქტებს ყიდულობს.