დღეიდან გურჯაანში გაშვებულია სასმელად ვარგისი წყალი – UWSCG
დღეიდან გურჯაანში გაშვებულია სასმელად ვარგისი წყალი – აღნიშნული შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინება გურჯაანში მცხოვრებმა მოქალაქეებმა ტელეფონზე მიიღეს.
წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, ქალაქ გურჯაანში სასმელი წყლის ხარისხი სრულად შეესაბამება მოქმედი რეგლამენტით დადგენილ ნორმებს. განცხადება შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
,,ქალაქ გურჯაანში განხორციელებული სრული ლაბორატორიული კვლევების შედეგებით დადასტურდა, რომ სასმელი წყლის ფიზიკურ-ქიმიური და მიკრობიოლოგიური მაჩვენებლები სრულად აკმაყოფილებს მოქმედი ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ ყველა მოთხოვნას. კვლევები ჩატარდა დადგენილი მეთოდოლოგიისა და კონტროლის სტანდარტების შესაბამისად. პროცესში ჩართული იყო შესაბამისი ლაბორატორიული მომსახურება, რაც უზრუნველყოფს შედეგების სიზუსტესა და სანდოობას. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია სასმელი წყლის ხარისხის მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს და მომხმარებლებისთვის უსაფრთხო, ხარისხიანი წყლის უწყვეტ მიწოდებას უზრუნველყოფს”, – ვკითხულობთ უწყების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ რომ გურჯაანში, დაახლოებით 1 კვირის წინ, წყალმომარაგების სისტემაში მიმდინარე ტექნიკური მონიტორინგის ფარგლებში, პრევენციული ღონისძიებების გატარების აუცილებლობა გამოიკვეთა. როგორც წყალმომარაგების კომპანია ავრცელებდა განცხადებას, უსაფრთხოების მაქსიმალური უზრუნველყოფის მიზნით, მიმდინარეობდა წყლის სათავე ნაგებობებისა და რეზერვუარების გეგმური რეცხვა-დეზინფექცია. განცხადება შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
,,სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში წყალმომარაგება ქალაქის ნაწილში დროებით შეზღუდულია. ადგილზე მობილიზებულია წყალმზიდი საშუალებები. სამუშაოები ხორციელდება უწყვეტ რეჟიმში და დასრულებისთანავე წყალმომარაგება ეტაპობრივად აღდგება”,– წერდა კომპანია.

