ახალი ამბები

გივი ტაბახმელაშვილს – ქართული ხელოვნების რაინდს, დღეს საზოგადოება უკანასკნელ გზაზე გააცილებს

ბატონი გივი ტაბახმელაშვილი ქართული ცეკვიდან მოდიოდა. ვისაც მისი ხელოვნება უნახავს, ის ნამდვილ რაინდს განასახიერებდა სცენაზე და ცხოვრებაშიც ეს თვისება შეისისხლხორცა, დიდის და უმცროსის მიმართ საოცარ მოწიწებას და გულითად დამოკიდებულებას ავლენდა, უზომოდ უყვარდა ადამიანები და მათი გახარებისთვის მთელი გულით გარჯა ბედნიერს ხდიდა.

უაღრესად ყურადღებიანი და მადლიერი იყო ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვისაც ცხოვრებაში შეხვედრია და პროფესიულ კარიერაში თუნდაც კეთილი სიტყვით შესწევია.

იგი, უკვე სახელმოხვეჭილი მოცეკვავე და პედაგოგი, არასოდეს ივიწყებდა თავის პირველი მასწავლებლის, ცეკვის ცნობილი ოსტატის, გიორგი გულიაშვილის (სოფელ კარდენახში „ოფცეს“ მეტსახელით რომ იცნობდნენ) ამაგს. 17 წლის ასაკში თბილისში გადმოვიდა და ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრთან არსებულ ქორეოგრაფიულ სტუდიაში ჩაირიცხა, რომელსაც იმხანად ხელმძღვანელობდა ქართული ცეკვის კორიფე დავით ჯავრიშვილი.

სტუდიის დამთავრების შემდეგ იგი საბალეტო დასში ჩარიცხეს, იმ წლებში ვახტანგ ჭაბუკიანი გახლდათ მთავარი ქორეოგრაფი და წარმოიდგინეთ, რა რთული იქნებოდა თავის დამკვიდრება. იგი ცეკვავდა კლასიკურ, ქართულ ხალხურ, ბოშურ და ესპანურ სახასიათო რეპერტუარს, ასევე საოპერო დადგმებშიც ასრულებდა საცეკვაო ნომრებს.

პარალელურად იგი იყო ქართული ნაციონალური ბალეტის, იგივე „სუხიშვილების“ მოცეკვავე, ორი ათეული წელი აქტიურად ცეკვავდა და ამ ანსამბლთან ერთად პლანეტის ათობით ქვეყანა მოიარა. ქართული თეატრის ისტორიაში კი მუდამ დარჩება ერთი იშვიათი შემთხვევა, როცა 1952 წელს რეინჰოლდ გლიერის „წითელი ყაყაჩოს” დამდგმელი და მთავარი როლის შემსრულებელი ზურაბ კიკალეიშვილი ავად გახდა და მეორე დღეს სპექტალს ჩაშლა ემუქრებოდა, უცებ საჭირო გახდა მისი სხვა სოლისტით ჩანაცვლება, სასწრაფოდ იკითხეს დასში, იქნებ ვინმეს შეეძლო ეს მისია ეტვირთა? გამოირკვა, რომ მაშინ ახალბედა 20 წლის გივი ტაბახმელაშვილმა, რომელიც კორდებალეტში ცეკვავდა, თურმე ზეპირად იცოდა ეს როლი და ასე გადაარჩინა მან თეატრი მოულოდნელ ჩავარდნას.

საცეკვაო კარიერის დასრულების შემდეგ ის თბილისის ოპერისა და ბალეტის მთავარმა ბალეტმაისტერმა გოგი ალექსიძემ ქართული საბალეტო დასის რეპეტიტორად და დირექტორად დანიშნა, სადაც მას ახალგაზრდა მოცეკვავეების მომზადება და მათთან რეპეტიციების გავლა ევალებოდა. იგი წლების განმავლობაში სიამოვნებით ასრულებდა ამ ამოცანას და უბადლო პედაგოგისა და მენტორის სახელი მოიხვეჭა.

გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს გურჯაანში გაიხსნა ახალი თანამედროვე ტიპის კულტურის სახლი და მისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით ეძებდნენ შესაფერი გამოცდილების, ავტორიტეტულ პროფესიონალს. ასე მიაკითხეს ბატონ გივის, რომელმაც იტვირთა კულტურის სახლის გაძღოლა და ლამის ოთხი ათეული წელი პირნათლად ემსახურა რაიონისთვის უაღრესად საჭირო და მნიშვნელოვან სფეროს.

ბატონი გივი ტაბახმელაშვილი იყო ნამდვილი პატრიოტი. მან მიატოვა აწყობილი ცხოვრება და წარმატებული კარიერა დედაქალაქში და დაბრუნდა მშობლიურ მხარეში. კარდენახსა და კახეთზე უზომოდ შეყვარებულმა გადაწყვიტა გურჯაანის კულტურული ცხოვრება ახალი შინაარსით შეევსო თოჯინების სახელმწიფო თეატრის დაარსებით.

თოჯინური თეატრის ტრადიციას გურჯაანში საკმაოდ მდიდარი წინაისტორია გააჩნდა, მაგრამ მისი სახელმწიფო თეატრად გადაქცევის იდეა და ამ საქმის ბოლომდე მიყვანა გივი ტაბახმელაშვილის სახელს უკავშირდება გასული საუკუნის ურთულეს, 90-იან წლებში… ჩვენ ვინც მოწმე ვართ იმ უზარმაზარი შრომისა, რომელიც ბატონმა გივი ტაბახმელაშვილმა ჩადო ამ თოჯინური დასის სახელმწიფო თეატრად ჩამოყალიბებასა და განვითარების პროცესში, მაშინაც ვაღიარებდით და, მით უმეტეს, ახლა ვთვლით, რომ ეს იყო მართლაც თავგანწირული ბრძოლა.

მან მთელი თავისი გამოცდილება, ურთიერთობები, მოპოვებული ავტორიტეტი და გავლენა ჩააყენა აღნიშნული თეატრის სამსახურში! მისი უებრო გარჯის ნაყოფია ეს მშვენიერი თეატრი, რომელიც ჩვენი პატარების მხატვრულ აღზრდას ემსახურება და კიდევ მრავალ სიხარულს აჩუქებს მომავალ თაობებს. ეს თეატრი მისი პირმშოა, მისი ამქვეყნიური ყოფნის გვირგვინი! ამიტომ სამართლიანი იქნება, რომ გურჯაანის თოჯინების სახელმწიფო თეატრს გივი ტაბახმელაშვილის სახელი ეწოდოს.
გიორგი ლალიაშვილი