ახალი ამბები

კახეთში სასტუმრო “თელავი ინნ” იყიდება

თელავში მდებარე სასტუმრო “თელავი ინნ” იყიდება.

შესაბამისი ინფორმაცია BM.GE-ის სასტუმროს დამფუძნებელმა შალვა მორბედაძემ დაუდასტურა. მისი თქმით, ობიექტის გაყიდვის მიზეზი ბიზნეს საქმიანობის ცვლილების სურვილია. თუმცა მორბედაძე ამბობს იმასაც, რომ კახეთში დატვირთულობის კუთხით გასულ წლებთან შედარებით მნიშვნელოვანი კლებაა.

მისი შეფასებით, სასტუმროში ბოლო რამდენიმე თვეა მხოლოდ რამდენიმე უცხოელი ტურისტი იყო ჩასული, ობიექტი კი ძირითადად, ადგილობრივი დამსვენებლების ხარჯზე მუშაობდა.

მორდებაძე გვიხსნის, რომ ობიექტის ფასი იმდენად მისაღებია, რომ სავარაუდოდ, დაინტერესება მაღალი უნდა იყოს. ტერიტორიაზე არის სასტუმრო კომპლექსი ორი ღია აუზით და სპორტ კომპლექსით.

“მინდა სხვა მიმართულებით გავაგრძელო ბიზნესი და აქედან გამომდინარე მთლიანად სასტუმროს გაყიდვის გადაწყვეტილება მივიღე. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში სულ რამდენიმე უცხოელი სტუმარი გვყავდა. ჩემი სამეგობრო წრე ყველა აბსოლუტურად უკმაყოფილოები ვართ იმ თვალსაზრისით, რომ ნაკლებია ტურისტი, არ არის ისეთი მუშაობა, როგორიც სხვა წლებში გვქონდა. ვფიქრობ, უნდა დალაგდეს სახელმწიფოში სიტუაცია, უნდა იყოს მეტად კომფორტული სტუმრებისთვის აქ ჩამოსვლა, არ უნდა იყოს ისეთი ქაოსი, რომელიც დისკომფორტს უქმნის ჩამოსულ სტუმარს.

სასტუმროს გაყიდვაზე ინფორმაცია რამდენიმე დღეა, რაც დაიდო და უკვე რამდენიმე ადამიანმა მოითხოვა ინფორმაცია. იმდენად ხელმისაწვდომი ფასად ვყიდით, რომ დარწმუნებული ვარ, თუ ვინმეს ამ სფეროში სურვილი აქვს, რომ შეიძინოს მსგავსი ობიექტი, “თელავი ინნით” აუცილებლად დაინტერესდება.

მიწის ნაკვეთი 7500 კვ.მ-ია, სასტუმრო შენობა-ნაგებობა მიწის ზედა მხარეს 3300 კვ.მ, 900 კვ.მ კი მიწის ქვეშ. სასტუმროს აქვს ორი ღია აუზი, ასევე სპორტული კომპლექსი, სადაც არის ორი დახურული აუზი და სატრენაჟორო დარბაზია.

ასევე არის დაახლოებით 3000-3500 კვ.მ-ის თავისუფალი მიწის ნაკვეთი, სადაც ბევრი რამის გაკეთება შეიძლება. მაგალითად, ის შეიძლება საცხოვრებელი კორპუსის ასაშენებლად გამოიყენონ. ლოკაცია მიმზიდველია, თითქმის ქალაქის ცენტრია”, – ამბობს “თელავი ინნ”-ის დამფუძნებელი შალვა მორბედაძე.