2025 წელს შემოწმებული ღვინის 139 საწარმოდან დარღვევა 9-ში აღმოჩნდა – ღვინის ეროვნული სააგენტო
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2025 წელს ღვინის 139 საწარმო შემოწმდა, საიდანაც 9-ში დარღვევა აღმოჩნდა.
სააგენტოს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, საინსპექციო კონტროლი ჩატარდა 62 კომპანიაში, საიდანაც აღებული 1289 ნიმუშიდან, დარღვევა აღმოჩნდა 7 კომპანიის 19 ნიმუშში.
ამასთანავე, სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიების შპს „ბიურო ვერიტას ჯორჯიას“ და შპს „სჯს ჯორჯიას“ მიერ შემოწმებულ 80 კომპანიაში აღებული 529 ნიმუშში, დარღვევა აღმოჩნდა 3 კომპანიის 3 ნიმუშში. ინსპექტირების პროცესი სერტიფიცირებისათვის წარდგენილი ალკოჰოლიანი სასმელის ნიმუშის ლოტთან შესაბამისობის დადგენას გულისხმობს.
გარდა ამისა, საექსპორტო ალკოჰოლური სასმელების ორგანოლეპტიკური ტესტირების მიზნით, ჩატარდა 279 დეგუსტაცია. 13 349 ნიმუშიდან, დეგუსტაცია ვერ გაიარა 520 ნიმუშმა, დანარჩენი 12 829 ნიმუში კი დადებითად შეფასდა.
შიდა ბაზრის კონტროლი განხორციელდა 78 კომპანიის პროდუქციაზე, აღებული 136 ნიმუშიდან, დარღვევა აღმოჩნდა 73 ნიმუშში.
სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 2026 წელს ხარისხის კონტროლი გაგრძელდება, რათა ათეულ მილიონობით ლიტრი ქართული ღვინო საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებდეს და მასზე მოთხოვნა კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს, უფრო მეტად გააქტიურდება შიდა ბაზრის კონტროლი.
„2025 წელს არ დაგვიკლია ძალისხმევა ხარისხის კონტროლის მიმართულებით მუშაობაში, რაც მიმდინარე წელს კიდევ უფრო აქტიური გახდება. დარღვევები ძირითადად გვხდება, როდესაც ამა თუ იმ კომპანიის სერტიფიცირებისთვის წარდგენილი ნიმუშები არ შეესაბამება იმ ლოტს, რომელიც გამზადებულია საექსპორტოდ ან ადგილობრივ ბაზარზე სარეალიზაციოდ. საერთაშორისო ბაზრებზე არსებული მძაფრი კონკურენციის პირობებში, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ქართული ღვინის ხარისხი. სახელმწიფო, თავის მხრივ, არ იშურებს ძალისხმევას, რომ გაზარდოს ქართული ღვინის ცნობადობა. მეწარმემ ღვინის ხარისხზე ზრუნვა უნდა დაიწყოს ვენახიდან; შესაბამისად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია მოყვანილი ყურძნის ხარისხი“, – აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ.
ღვინის ეროვნული სააგენტო აღნშნავს, რომ 2025 წელს, წინა წელთან შედარებით, დარღვევების რაოდენობა შემცირებული.

