ახალი ამბები

მელიორაციის სისტემებზე განლაგებული მცირე ჰესები წყლის სარგებლობის საფასურს გადაიხდიან

მელიორაციის სისტემებზე განლაგებული მცირე ჰესები წყლის სარგებლობის საფასურს გადაიხდიან.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიამ ის ფორმულა უკვე განსაზღვრა, რომლის მიხედვითაც, მცირე ჰესის მიერ „საქართველოს მელიორაციისთვის“ გადასახდელი თანხა დადგინდა.

როგორც „საქმის კურსთან“ სემეკის წევრმა გივი სანიკიძემ განმარტა, ტარიფი ელექტროენერგიის საბალანსო ფასისა და ესკოს მიერ მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებიდან შესასყიდი ელექტროენერგიის ფასის ჯამის საშუალო მაჩვენებლის მთლიანი გენერაციის 10%-ზე ნამრავლით დადგინდა.

სემეკი არ ელის, რომ ტარიფს ასეთი ჰესების მიერ წარმოებული ელექტროენერგიის ფასზე გავლენა ექნება.

„გამომდინარე იქიდან, რომ მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურმა შეიძლება ბაზარზე ელექტროენერგია გაყიდოს საბალანსო ფასით ან უშუალოდ სისტემის კომერციულ ოპერატორზე, მათ მიერ გაყიდული ელექტროენერგიის ფასი არ შეიცვლება. თანაც ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მათი დანახარჯები არსებით გავლენას არ განიცდის. ამასთან, თავად ასეთი ელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგიის მოცულობაც მთლიან გენერაციაში ძალიან მცირეა”, – ამბობს გივი სანიკიძე.

სემეკმა „პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფები“ 2025 წლის 29 დეკემბერს დაადგინა და ის ძალაში 2026 წლის 1 აპრილიდან შევა.

ტარიფები დადგინდა მათ შორის საირიგაციო წყალზეც. კერძოდ, წყალმომხმარებელთა ორგანიზაციაში გაერთიანებული იმ ფერმერებისთვის, რომლებიც საფასურს მრიცხველის შესაბამისად იხდიან, წყლის მიწოდების ტარიფი 1 კუბ. მეტრზე 3.5 თეთრს შეადგენს, ინდივიდუალური ფერმერებისთვის ტარიფი 8 თეთრით განისაზღვრა.

იმ ფერმერებისთვის, რომლებიც სარწყავი წყლის გადასახადს ჰექტარის მიხედვით იხდიან, ერთწლოვანი კულტურის ერთი მორწყვა 1 ჰა-ზე დღგ-ს ჩათვლით 116.5 ლარი იქნება. მრავალწლოვან კულტურაზე – 102 ლარი.