შემოდგომამდე რძესა და რძის პროდუქტებზე ფასების კორექცია არ იგეგმება – ,,შირაქი”
2026 წლის შემოდგომამდე რძესა და რძის პროდუქტებზე ფასების კორექცია არ იგეგმება.
ამის შესახებ BM.GE-სთან რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანიის „შირაქი“ დამფუძნებელმა და საქართველოს მერძევეობის ასოციაციის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ბენიაიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე „შირაქის“ პროდუქტებზე ფასები უცვლელია და არც საახალწლო პერიოდში დაფიქსირებულა გაძვირება.
“ჩემ კომპანიაში ჯერ არაფერი შეცვლილა. არც ახალი წლის წინ მქონია ფასების მატება. თუ ბაზარზე რაიმე ისეთი მოხდება, მაგალითად, “ქეშბექების” ზრდა, რაც ყველას აწუხებს, მაშინ შეიძლება განხილვა დაიწყოს, მაგრამ დღეს ამის საჭიროება არ დგას. 2026 წელს, მინიმუმ შემოდგომამდე, ფასების გაზრდას არ ვაპირებთ. თუ რაიმე განსაკუთრებული და გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ფასები უცვლელი დარჩება”, – ამბობს ის.
ნიკოლოზ ბენიაიძის თქმით, მერძევეობის სექტორის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კვლავ ფალსიფიცირებული პროდუქტები რჩება, რომლებიც იაფი რძის ფხვნილისა და ცხიმების გამოყენებით მზადდება.
„ბაზარზე მთავარი პრობლემა ფალსიფიკაციაა – იაფი ფხვნილი და ცხიმები, რითაც ხდება ამ პროდუქტების დამზადება. ამას ემატება ქვეყანაში ნედლი რძის ნაკლებობა, რაც ფალსიფიკატორებს კიდევ უფრო ახალისებს“, – აღნიშნავს ბენიაიძე.
მისი თქმით, ბოლო პერიოდში სახელმწიფოსა და სექტორის წარმომადგენლებს შორის კომუნიკაცია გააქტიურდა და ფალსიფიკაციასთან ბრძოლის მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების მოლოდინია.
„კომუნიკაცია ძალიან გააქტიურდა. ახლა შედეგებს ველოდებით. მნიშვნელოვანია, მოხდეს ეტიკეტირების გამკაცრება და მკაფიო დიფერენცირება ნედლი რძით და ფხვნილითა და ცხიმებით დამზადებულ პროდუქტებს შორის“, – აცხადებს მერძევეობის ასოციაციის თავმჯდომარე ნიკოლოზ ბენიაიძე.
ამასთან, ბენიაიძე ყურადღებას ამახვილებს ფერმერებისთვის პირუტყვის შემოყვანის მიმართულებით დამატებითი მხარდაჭერის საჭიროებაზე და ამბობს, რომ ბოლო პერიოდში ფასები მკვეთრად გაიზარდა.
„თუ ადრე მაღალპროდუქტიული მერძეული საქონლის შემოყვანა 2 000 – 2 200 ევრო ჯდებოდა, დღეს მინიმუმ 1 000 ევროთი არის გაძვირებული. ახლა ერთი სული პირუტყვის შემოყვანა დაახლოებით 10 000 ლარამდე ადის. ამასთან, არ გაქვს გარანტია, რომ პირუტყვი აუცილებლად მოიწველება. შეიძლება დაავადდეს, შეიძლება დაიღუპოს. განსაკუთრებით, პირველ რამდენიმე თვეში რისკები ძალიან მაღალია“, – აცხადებს ნიკოლოზ ბენიაიძე.

