ახალი ამბები

„ჭარბწარმოებამ და საფასო სუბსიდირებამ ევროკავშირში „ღვინის ტბები“ გამოიწვია – დღეს იქ თანხა ჰექტრის მიხედვით გაიცემა“

„ჭარბწარმოებამ და საფასო სუბსიდირებამ ევროკავშირში „ღვინის ტბები“ გამოიწვია“ – როგორც ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილემ რატი კოჭლამაზაშვილმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა, ევროკავშირში საფასო სუბსიდირება დაახლოებით 40 წელია აღარ არსებობს.

შეგახსენებთ, 2026 წლის 1-ელი მარტიდან კომერციული ვენახის გაშენებაზე ნებართვის აღება იქნება სავალდებულო. კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, თუ აქამდე სამეწარმეო ვენახის გაშენებისთვის მხოლოდ ნებადართული ვაზის ჯიშების გამოყენება იყოს საკმარისი, კანონის ამოქმედების შემდეგ, საჭირო იქნება ღვინის ეროვნული სააგენტოს თანხმობაც.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან მეხუზლას განცხადებით, ვენახების გაშენება არ უნდა იყოს სპონტანური. მისივე თქმით, მომავალი წლის რთველზე გაჩნდება ახალი ფასი – ყურძენი, რომელიც იქნება 17%-ზე დაბალი შაქრიანობის, ჩაბარდება გაცილებით იაფად.

„დღესდღეობით ჭარბწარმოება არის ყველაზე დიდი გამოწვევა. მინდა გავიხსენო ევროკავშირის მაგალითი, სადაც არსებობდა მსგავსი სუბსიდირების მოდელი. მოგეხსენებათ, სუბსიდირების სხვადასხვა მოდელი არსებობს, ჩვენ ვსაუბრობთ საფასო სუბსიდირებაზე. ამ მოდელიდან ევროკავშირი გამოვიდა დაახლოებით 40 წლის წინ, რადგან სწორედ იგივე პრობლემის წინაშე დადგა. ეს იყო ე.წ. „ღვინის ტბები“, ასე ეძახდნენ ჭარბწარმოებას, რაც საფასო სუბსიდირებამ გამოიწვია. ასეთი გამოცდილების გადმოღება საინტერესოა, რადგან მსოფლიოს განვითარებულმა ქვეყნებმა უკვე გაიარეს გარკვეული საფასურები და მიხვდნენ, რა არის უკეთესი მიდგომა ამ მიმართულებით.

დღეს უკვე ევროპაში, ამერიკაში გვხვდება მიდგომები, რომლებიც აქცენტს აკეთებს ჰექტარზე და სუბსიდია ჰექტრის მიხედვით გაიცემა და არა მოყვანილი პროდუქციის რაოდენობაში“ – განაცხადა რატი კოჭლამაზაშვილმა.

მისი თქმით, რეგულაციას, რაზეც სახელმწიფო საუბრობს, მთავარ გამოწვევებს უნდა პასუხობდეს.

„ეს რეგულაცია, რაზეც სახელმწიფო საუბრობს, შეიძლება კარგიც იყოს, განვითარებულ ქვეყნებში არის გარკვეული რეგულაციები, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ მას თან სდევდეს ან წინ უსწრებდეს ის ნაბიჯები, რაც მნიშვნელოვანია, რომ მთავარ გამოწვევებს მივხედოთ“, – აღნიშნა კოჭლამაზაშვილმა.