ახალი ამბები

„სახელმწიფოს არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია ჩვენთან“ – ფერმერთა ასოციაცია კომერციული ვენახის გაშენების რეგულაციაზე

„კარგი იქნებოდა, მსგავსი რეგულაციის მიღებამდე ბევრი მხარის ჩართვა ხდებოდეს“ – როგორც ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე რატი კოჭლამაზაშვილი რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ აღნიშნავს, რეგულაციის შესაბამისი დოკუმენტის მიღებამდე, სახელმწიფოს არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია მათთან.

„ჩვენთან გაერთიანებულნი არიან როგორც მევენახეები, მეღვინეები, ასევე ბევრი სხვა დარგის წარმომადგენელი და ვფიქრობ, მათი ჩართულობა მნიშვნელოვანია. კარგი იქნებოდა, მსგავსი რეგულაციის მიღებამდე ბევრი მხარის ჩართვა მოხდეს. ვიმედოვნებ მოხდება კიდეც, მაგრამ ჯერჯერობით ვერ გეტვით, რომ ამ კუთხით რამე წინსვლა გვაქვს, სახელმწიფოს არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია ჩვენთან“, – განაცხადა რატი კოჭლამაზაშვილმა.

შეგახსენებთ, 2026 წლის 1-ელი მარტიდან კომერციული ვენახის გაშენებაზე ნებართვის აღება იქნება სავალდებულო. კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, თუ აქამდე სამეწარმეო ვენახის გაშენებისთვის მხოლოდ ნებადართული ვაზის ჯიშების გამოყენება იყოს საკმარისი, კანონის ამოქმედების შემდეგ, საჭირო იქნება ღვინის ეროვნული სააგენტოს თანხმობაც.ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან მეხუზლას განცხადებით, ვენახების გაშენება არ უნდა იყოს სპონტანური. მისივე თქმით, მომავალი წლის რთველზე გაჩნდება ახალი ფასი – ყურძენი, რომელიც იქნება 17%-ზე დაბალი შაქრიანობის, ჩაბარდება გაცილებით იაფად.