ახალი ამბები

სახელმწიფო საიდუმლოებისთვის მიკუთვნებული ინფორმაციის ნუსხა გაფართოვდა

სახელმწიფო საიდუმლოებისთვის მიკუთვნებული ინფორმაციის ნუსხა გაფართოვდა. კერძოდ, მთავრობამ სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონის შესაბამის დანართში კიდევ ერთი მუხლი დაამატა.

12 იანვარს გამოქვეყნებული დადგენილების მიხედვით, შსს 4 დეპარტამენტის შენობა-ნაგებობების მშენებლობის რეკონსტრუქციის და რემონტის, ასევე სარემონტო-სამშენებლო მასალების, ტექნიკური საშუალებების და ძალების შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო საიდუმლოებად ჩაითვლება.

აღნიშნული დადგენილებით „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის 507 დადგენილების 2 დანართში „სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებული ინფორმაციების ნუსხას“ 31-ე მუხლი დაემატება:

„მუხლი 31. ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, ობიექტების დაცვის დეპარტამენტის, დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტისა და ოპერატიული უზრუნველყოფის დეპარტამენტისთვის გათვალისწინებული შენობა-ნაგებობების ახალი მშენებლობის და ამ შენობა-ნაგებობებისთვის ჩატარებული/ჩასატარებელი რეკონსტრუქციისა და სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესახებ. ცნობები აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობის დროს გამოყენებული სამშენებლო-სარემონტო მასალის, ტექნიკური საშუალებებისა და ძალების შესახებ.“.

ცვლილებები ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევიდა.