EU საქართველოში გაცემული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზოს გაუქმებას ამ თვეში გეგმას – RFE/RL
“რადიო თავისუფლების” ევროპული ბიუროს უფროსი რიკარდ იოზვიაკი წერს, რომ ევროკავშირი საქართველოში გაცემული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესს იანვარში დაიწყებს.
კერძოდ, RFE/RL-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში იოზვიაკი წერს, რომ ევროკავშირი გეგმავს გააუქმოს საქართველოში გაცემული დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლა, მას შემდეგ რაც განაცხადა, რომ ქვეყანამ მრავალჯერ დაარღვია ვიზალიბერალიზაციის დიალოგის ფარგლებში აღებული ვალდებულებები.
ევროკომისიამ 2025 წლის დეკემბერში გამოქვეყნებულ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის წლიურ ანგარიშშიც დაწერა საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლაზე, თუმცა ანგარიშში მოხვდა სხვა საკითხებიც. მათ შორის, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მზარდი რიცხვი, ასევე საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც არალეგალურად რჩებიან ევროკავშირის ტერიტორიაზე სამედიცინო მომსახურების ან სამედიცინო საფუძვლით თავშესაფრის მიღების მიზნით. ევროკომისია ასევე უკმაყოფილოა საქართველოს მთავრობის ანტიკორუფციული ზომების კუთხით პროგრესითაც.
საქართველოში გაცემული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი თუ მართლაც გაუქმდა, ეს შეჩერების ახალი მექანიზმის ფარგლებში მოხდება. ახალი წესი 2025 წლის 30 დეკემბერს შევიდა ძალაში. ამ მექანიზმით კომისიას შეუძლია უვიზო რეჟიმი შეუჩეროს კონკრეტული ქვეყნის პასპორტის მფლობელებს, თუმცა ამ პროცესში ევროკომისიას კონსულტაციების გავლა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მოუწევს და კენჭისყრაც გაიმართება.
როგორც RFE/RL წერს, ამ პროცესს “გადაწყვეტილების აღსრულება” ეწოდება, რაც ნიშნავს, რომ ევროკომისია პროცესს დაიწყებს სამართლებრივი აქტის წარდგენით. გადაწყვეტილება კვალიფიციური უმრავლესობით მიიღება, რაც არის წევრი ქვეყნების 55%, რომლებიც წარმოადგენენ ევროკავშირის საერთო მოსახლეობის 65%-ს. სტატიაში წერია, რომ საქართველოს შესახებ კვალიფიციური უმრავლესობა უკვე არსებობს. თუმცა უცნობია, როდის ჩატარდება კენჭისყრა, მაგრამ RFE/RL წერს, ეს სავარაუდოდ, იანვარში მოხდება.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ევროკავშირმა რამდენჯერმე სცადა საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ სანქციები მიეღო, თუმცა სლოვაკეთმა და უნგრეთმა დაბლოკეს.
სტატიაში წერა, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერება ძალიან იშვიათია, ამიტომ ევროკომისიამ აირჩია შედარებით მსუბუქი ფორმა და სამიზნედ მხოლოდ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტები აირჩია და არა საქართველოს მოსახლეობა. მიუხედავად იმისა, რომ ბრიუსელმა ანგარიშში მიანიშნა, რომ ეს შეიძლება იყოს შემდეგი ნაბიჯი, თუ ვითარება არ გაუმჯობესდება.
ეს სიმბოლური ნაბიჯი იქნება ევროკავშირის მხრიდან, რადგან დიპლომატიური პასპორტის მფლობელებს ასევე აქვთ ჩვეულებრივი პასპორტი, რომლითაც ევროკავშირში ვიზის გარეშე იმოგზაურებენ. საქართველოში გაცემულ დიპლომატიურ და სამსახურებრივ პასპორტებს გასულ წელს ევროკავშირმა უკვე გაუუქმა უვიზო, თუმცა RFE/RL-ის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება 27 წევრი ქვეყნიდან მხოლოდ 19-ს აქვს აღსრულებული. თუ ახალი მექანიზმის ფარგლებში ევროკავშირი მიიღებს გადაწყვეტილებას, მისი აღსრულება ყველა წევრ სახელმწიფოს მოუწევს.

