ახალი ამბები

აქციის მონაწილეები ახალი წლის ღამის შეხვედრას რუსთაველის გამზირზე გეგმავენ – პარლამენტთან სხვადასხვა აქტივობაა დაგეგმილი

პროტესტის მე-400 დღეს აქციის მონაწილეები ახალი წლის შეხვედრას რუსთაველის გამზირზე გეგმავენ.

როგორც ცნობილია, დემონსტრანტები პარლამენტთან ღამის 22:00 საათზე შეიკრიბებიან.

წლევანდელ აქცია-ღონისძიებაზე სხვადასხვა აქტივობაა დაგეგმილი, მათ შორის, როგორც აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 23:00 საათიდან გაჟღერდება პროტესტის ფარგლებში დაკავებული პატიმრების გზავნილები.

„22:00 საათზე საზოგადოებას მიმართავენ რუსთაველის გამზირის მცველები – ადამიანები, რომლებიც წელიწადზე მეტია იცავენ ქვეყნის თავისუფლებას და ღირსებას.

23:00 საათიდან გაჟღერდება სინდისის პატიმრების მიერ უწყვეტი პროტესტის მე-400-ე დღისადმი მიძღვნილი გზავნილები იმაზე, თუ რატომ არ უნდა დანებდე, რა უნდა დაუპირისპირო უიმედობას და რა სახელით შევა ეს ბრძოლა ისტორიაში.

23:00 საათიდან, პარლამენტის მიმდებარედ გაიშლება თეთრი, გრძელი ნაჭერი, რომელზეც ყველა მსურველს შეეძლება თავისი მთავარი სათქმელის დაწერა მომავალი თაობებისთვის.

ეს გზავნილები საბოლოო ბინას თბილისის კერძო მუზეუმში დაიდებენ, რომელსაც ჩვენი ერთიანი ძალისხმევით შევქმნით და მასში ერთ-ერთი კუთხე თბილისის ურბანული და პოლიტიკური პროტესტის ისტორიას დაეთმობა.

პირველ გიმნაზიასთან ხელოვანები შემოგვთავაზებენ თავისუფლების სიყვარულით შექმნილ მუსიკალურ და ქორეოგრაფიულ ნაწარმოებებს.

ჩვენს ერთობლივ ახალ წელზე ყველა შემსრულებელი უსასყიდლოდ იზრუნებს.

23:00 საათიდან რუსთაველზე ყველა მსურველს შეეძლება ნობათის მოტანა, ახალი წლისა და უწყვეტი წინააღმდეგობის მე-400-ე დღის ერთად აღსანიშნად.

ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ერთად დგომა დღეს ისე მნიშვნელოვანია, როგორც – არასდროს!“ – ნათქვამია 31 დეკემბრის აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.