ახალი ამბები

გარემოს ეროვნული სააგენტო – 31 დეკემბრის დღის მეორე ნახევრიდან 3 იანვრამდე საქართველოში დროგამოშვებით მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 31 დეკემბრის დღის მეორე ნახევრიდან 3 იანვრამდე საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით.

მათივე ცნობით, შესაძლებელია ქარის გაძლიერება, მთიან რაიონებში – ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული და ზვავსაშიშროება. 1- 2 იანვარს ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

„დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.