ახალი ამბები

„სოფლის მეურნეობის სავარგულების ნახევარი დაუმუშავებელია“ – სპეციალისტი

„ძალიან დიდი გამოწვევებია დარგში, რომ გადახედოთ ჩვენი სოფლის მეურნეობის სავარგულებს, ნახევარი არის დაუმუშავებელი“, – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ „ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა ვახტანგ ბეჟიტაშვილმა განაცხადა და დარგში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.

მისი თქმით, ადგილობრივი მწარმოებლებისთვის დღეს მთავარ გამოწვევას მუშახელის დეფიციტი წარმოადგენს.

„ძალიან დიდი გამოწვევებია დარგში, რომ გადახედოთ ჩვენი სოფლის მეურნეობის სავარგულებს, ნახევარი არის დაუმუშავებელი. მუშახელი მიდის ქვეყნის გარეთ, ფაქტობრივად, აღარ არის მუშახელი. ნებისმიერ ფერმერს რომ შეეკითხოთ, გეტყვით რომ მთავარი პრობლემა მათთვის მუშახელის დეფიციტია“, – აღნიშნავს ასოციაციის ხელმძღვანელი.

როგორც მანვე დასძინა, კიდევ ერთი გამოწვევა კაპიტალის სიმცირეა. ვახტანგ ბეჟიტაშვილის თქმით, დარგში ინვესტიციებიც არ შემოდის.

„არ შემოდის ინვესტიციები, კაპიტალი არ იდება სოფლის მეურნეობაში, დარგი არ არის ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი და ადგილობრივად წარმოებული პროდუქცია არ არის კონკურენტუნარიანი. თანამედროვე სამყაროში იმხელა მიღწევებია სოფლის მეურნეობის კუთხით, რომ ჩვენთან ეს რომ დაინერგოს, საქართველო თავისუფლად იქნება თვითკმარი ქვეყანა მთელი რიგი მიმართულებებით, არამარტო თვითკმარი, ბევრსაც მოვიყვანთ და ექსპორტზეც გავიტანთ, უბრალოდ, შესაბამისი კარგი მენეჯმენტი და ნება არ არსებობდა წლების განმავლობაში, რომ ეს ყველაფერი კარგად დალაგებულიყო და მოწესრიგებულიყო. შესაბამისად, შედეგიც სახეზეა. ძალიან რთული მდგომარეობაა“, – დასძინა მან.

გარდა ამისა, ბეჟიტაშვილმა ისაუბრა სოფლის მეურნეობაში მიმდინარე პროექტების მართვაზე და აღნიშნა, რომ დარგის განვითარებისკენ მიმართული თანხები გამოწვევებთან მიმართებაში შეუსაბამოა, ხოლო არსებული პროექტები მორგებულია კონკრეტულ პიროვნებებზე,

„სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო კორუფციით არის გავსებული. მე როგორც ვიცი, დაიჭირეს თითქმის მთელი შემადგენლობა. გარდა ამისა, ის თანხები, რაც იხარჯება სოფლის მეურნეობის მიმართულებით, არ არის ადეკვატური იმ პრობლემების წინაშე, რაც სოფლის მეურნეობაში გვაქვს, მორგებულია კონკრეტულ პიროვნებებზე, არ არის კარგად დამუშავებული სპეციალისტების მიერ და შესაბამისი შედეგიც სახეზეა“, – განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ვახტანგ ბეჟიტაშვილმა.