ახალი ამბები

დავით ნარმანია- ელექტროენერგიის ტარიფების ზრდა როგორც მოსახლეობას, ისე ბიზნესსაც შეეხება

სემეკ-ის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, ელექტროენერგიის ტარიფების ზრდა როგორც მოსახლეობას, ისე ბიზნესსაც შეეხებ. ამის შესახებ ნარმანიამ BMG-სთან ისაუბრა.

“სამომხმარებლო ტარიფი რასაც ჩვენ ვეძახით, ორი კომპონენტისგან შედგება: ეს არის ელექტროენერგიის განაწილების ტარიფი და ელექტროენერგიის მიწოდების ტარიფი, ანუ საკუთრივ ენერგიის ღირებულება. მარეგულირებელი კომისია ორივე ტარიფს ადგენს და შემდეგ მათი ჯამი წარმოადგენს საბოლოო სამომხმარებლო ტარიფს.

ჩვენ მიერ დადგენილი ტარიფი შეეხება ყველა კატეგორიის მომხმარებელს, ეს არის საყოფაცხოვრებო სექტორი, სადაც სამი კატეგორია გვაქვს 0-დან 101 კილოვატამდე მომხმარებლები, 101-დან 301 კილოვატამდე მომხმარებლები და 301 კილოვატიდან მეტს ვინც მოიხმარს თვის განმავლობაში. ანალოგიურად, ჩვენ მიერ დადგენილი ტარიფი შეეხება კომერციულ სექტორსაც, ანუ არასაყოფაცხოვრებო სექტორს, სადაც ასევე ძაბვის საფეხურების მიხედვით გვაქვს ჩვენ დიფერენცირებული ტარიფები: დაბალ ძაბვაზე, საშუალო ძაბვაზე და მაღალ ძაბვაზე. ეს არის როგორც მცირე, ასევე საშუალო და მსხვილი ბიზნესი, რომელიც მიერთებულია 110 კილოვოლტიდან უფრო დაბალი ძაბვის საფეხურზე, 0,4 კილოვოლტის ჩათვლით.

ტარიფის ზრდის მოლოდინი არის, ძალიან დიდად არა, თუმცა არის, გამომდინარე იქიდან, რომ ერთი მხრივ განაწილების ტარიფი იზრდება, ვინაიდან მნიშვნელოვანი ინვესტიციები იდება ქსელში, ასევე ზოგადად წლიდან წლამდე ენერგიის ღირებულება ძვირდება, მოხმარება იზრდება, აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი ტარიფზე აისახება“-განაცხადა დავით ნარმანიამ.