ვის ჩამოეწერება დავალიანება – ვის შეეხო კანონი, რომელიც ძალაში შევიდა
საქართველოს ახალი კანონი ტაქსის მფლობელების ძველი ჯარიმების ამნისტიაზე ამოქმედდა, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო ავრცელებს.
კერძოდ, კანონის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ჯარიმა გამოწერილია 2025 წლის 1-ელ ნოემბრამდე ტაქსის მომსახურებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული დარღვევების გამო, ის ავტომატურად უქმდება.
სააგენტოს ინფორმაციით, ჯამში, 8 მილიონ ლარზე მეტი დავალიანება ჩამოიწერება.
„ამნისტია ვრცელდება A კატეგორიის ნებართვის მფლობელებისთვის, ვისთვისაც 2025 წლის 1-ელ ოქტომბრამდე დარიცხული ნებართვის საფასურის დავალიანება სრულად ჩამოიწერება. ეს შეეხება, დაახლოებით, 2000 მძღოლს და ორი მილიონი ლარის ოდენობის თანხას.
აღსანიშნავია, რომ ნებართვის მფლობელებს ევალებათ 2025 წლის ოქტომბრიდან დარიცხული ნებართვის გაცემის საფასურის დროული გადახდა და აღნიშნული ვალდებულების მომავალში შესრულება. ამასთანავე, ნებართვის მფლობელები ვალდებულნი არიან, გადაიხადონ 2025 წლის 1-ელი ნოემბრიდან გამოწერილი ჯარიმები“, – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

