ახალი ამბები

შენობა-ნაგებობის ესთეტიკური მახასიათებლების დადგენის წესი დამტკიცდა

განისაზღვრა სახურავებისა და ფასადის მოსაპირკეთებელი მასალები, ფერები, ღობეების დიზაინი… – რა წესების დაცვით იქნება სავალდებულო მშენებლობა 2026 წლის 1-ელი ივლისიდანგანისაზღვრა სახურავებისა და ფასადის მოსაპირკეთებელი მასალები, ფერები, ღობეების დიზაინი… – რა წესების დაცვით იქნება სავალდებულო მშენებლობა 2026 წლის 1-ელი ივლისიდან
მთავრობამ შენობა-ნაგებობის ესთეტიკური მახასიათებლების დადგენის წესი დაამტკიცა.

დადგენილებით განსაზღვრული წესები 2026 წლის 1-ელ ივლისამდე სარეკომენდაციო ხასიათისაა, 1-ელი ივლისიდან კი სავალდებულო იქნება.

შენობა-ნაგებობის ესთეტიკური მახასიათებლების დადგენის წესით განსაზღვრულია ფასადის, სახურავის, ღობის, ფერების პალიტრის, ლანდშაფტის ინტეგრაციის, ქუჩების ესთეტიკის, ვიზუალური იერარქიის, დასახლების ხედის (ურბანული სილუეტის), მხატვრული დეტალების, ურბანული დიზაინის და სხვა ელემენტების ურთიერთშესაბამისობა. (იხილეთ დადგენილება: )

ძირითადი მოთხოვნები შენობა-ნაგებობების ესთეტიკურ მახასიათებლებთან დაკავშირებით ასეთია:

არქიტექტურული პროექტის დამუშავებისას, სახურავის და ფასადის მოსაპირკეთებელი მასალებისა და ფერების შერჩევა უნდა განხორციელდეს ამ წესის დანართი №1-ის შესაბამისად;
ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ელემენტების შერჩევა უნდა განხორციელდეს იმგვარად, რომ გათვალისწინებულ იქნეს მიმდებარე განაშენიანების დომინანტური, ესთეტიკური თვალსაზრისით ღირებული არქიტექტურული გამომსახველობა. ამ წესის დანართი №1-ის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, დაინტერესებული პირი ვალდებულია სამშენებლო ტერიტორიის მიმდებარე არეალში მოახდინოს წინასაპროექტო კვლევის ჩატარება, სახურავის/ფასადის მოსაპირკეთებელი მასალების/ფერების იდენტიფიცირების და შერჩევის მიზნით;
დასაშვებია ადგილობრივი ტრადიციული მასალების გამოყენება (მიუხედავად ამ წესის დანართი №1-ით გათვალისწინებული ფერებისა), რომელიც ქმნის დასახლებებისთვის ინდივიდუალურ, ავთენტურ პალიტრას, არის კონკრეტული ადგილისთვის სახასიათო და ინარჩუნებს მის არქიტექტურულ იდენტობას.
ამასთანავე, საპროექტო ობიექტის ფასადი, ღობე და მათი ფერების პალიტრა უნდა შეესაბამებოდეს მიმდებარე გარემოს, ქუჩების ესთეტიკას და ბუნებრივ ლანდშაფტს. სახურავის ფორმა და პროპორციები თანხვედრაში უნდა იყოს არსებულ ურბანულ ქსოვილთან, ურბანულ სილუეტთან და შერწყმული იყოს განაშენიანების საერთო ხასიათთან. გამოყენებული მასალები უნდა უზრუნველყოფდეს ისტორიული იდენტობის შენარჩუნებას ან/და მის ჰარმონიულ შერწყმას თანამედროვე სტილთან.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ უნდა მოხდეს მშენებლობისას ესთეტიკური მახასიათებლების პრინციპების გათვალისწინებაც. დადგენილების მიხედვით, შენობა-ნაგებობის ესთეტიკური მახასიათებლების პრინციპებია:

ლანდშაფტის ინტეგრაცია – ბუნებრივი გარემოს ელემენტების, ადგილობრივი მცენარეების, ველური ბუნების ჰაბიტატებისა და მწვანე დერეფნების გათვალისწინება ლანდშაფტის დიზაინში;
წყლის მახასიათებლები − მდინარეების, ტბებისა და აუზების ინტეგრაცია ურბანულ ქსოვილში, დიზაინის მახასიათებლებთან ერთად, როგორებიცაა შადრევნები, ჩანჩქერები და სხვა;
ვიზუალური იერარქია – სივრცეების ისე მოწყობა, რომ თვალსაჩინო იყოს ძირითადი არქიტექტურული ელემენტების დომინანტი და წამყვანი როლი. ძირითადი და მეორადი იერარქიის ურთიერთთავსებადობა;
კულტურული იდენტობა − კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, სხვა ისტორიული შენობების, ღირსშესანიშნაობებისა და უბნების ესთეტიკური, ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის შენარჩუნება. ადგილობრივი არქიტექტურული სტილის, მასალებისა და დიზაინის მოტივების გაერთიანება კულტურული იდენტობის შესანარჩუნებლად;
მასშტაბისა და პროპორციების დაცვა – შენობა-ნაგებობებისა და საჯარო სივრცეების პროპორციების ერთმანეთთან, აგრეთვე მათი ლანდშაფტთან და მიმდებარე გარემოსთან ურთიერთშესაბამისობა. უშუალოდ განაშენიანების ერთიანი მასშტაბის ფორმირება;
მოძრაობის ესთეტიკა – გათვალისწინებული უნდა იქნეს გზების, ხიდებისა და საინჟინრო ნაგებობების ვიზუალური ინტეგრაცია დასახლების საერთო იერსახესთან;
ხედვის არეალები − გათვალისწინებული უნდა იქნეს ვიზუალური აღქმის კორიდორები, რომლებიც ხედით იხსნება დასახლების ძირითად და მნიშვნელოვან ობიექტებზე, არეალებზე, სილუეტებზე და წარმოადგენს დასახლების იდენტობის აღქმის უმნიშვნელოვანეს ელემენტს.
ამასთანავე, დოკუმენტში ნათქვამია, რომ ფასადის გადაწყვეტა უნდა ეფუძნებოდეს განაშენიანების ვიზუალურ მთლიანობასა და ჰარმონიას. დადგენილებაში საუბარია იმაზეც, რომ ფანჯრების პროპორციები, აივნები და ღიობები უნდა შეესაბამებოდეს როგორც შენობა-ნაგებობის სტილს, ისე ქუჩების საერთო ესთეტიკას. ფასადის დეკორატიული დეტალები, ნალექისგან დაცვის ელემენტები და გარე კონსტრუქციული ნაწილები (აივნები, მოაჯირები, მცირე არქიტექტურული დეტალები) უნდა ემყარებოდეს საერთო არქიტექტურული გადაწყვეტის პრინციპს.

დოკუმენტით განსაზღვრულია ღობის ძირითადი ესთეტიკური მახასიათებლებიც. დადგენილებით რეგულირდება ღობის განთავსების, მისი ფერის და მასალის საკითხებიც. ნათქვამია, რომ ღობე, როგორც ქუჩის პეიზაჟის წამყვანი ელემენტი და ქუჩის მასშტაბის მაფორმირებელი ნაგებობა, უნდა ქმნიდეს შენობა-ნაგებობის და ქუჩის, საზოგადოებრივი სივრცის ჰარმონიულ ერთიანობას.

ღობის დიზაინის შერჩევისას დაცული უნდა იქნეს ღობის ძირითადი ესთეტიკური მახასიათებლები, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგ საკითხებს:

ღობის განთავსება − ურბანული დიზაინის ძირითადი ესთეტიკური მახასიათებლები ვრცელდება საზოგადოებრივი სივრცის მხარეს განთავსებულ ღობეზე/ღობის ნაწილზე;
ღობის სახეობები − ღობე კონსტრუქციული თავისებურებების გათვალისწინებით შესაძლებელია იყოს კაპიტალური, ყრუ – მთლიანად გაუმჭვირვალე, არაყრუ – მთლიანად გამჭვირვალე, შერეული კომბინაციის;
ღობის მასალა − ბეტონი, ქვა, აგური, ლითონი, ხე, ბუნებრივი მასალის იმიტაციის მქონე კომპოზიტური მასალა, არაპრიალა და არამკვეთრი ფერებით;
ღობის ფერები − ღობის იერსახე უნდა ქმნიდეს ერთიან პალიტრას ძირითადი შენობა-ნაგებობების ტონალობების ფონზე. უნდა შეირჩეს ფასადის ფერებთან თავსებადი ფერები. ღობის მოწყობისას დასაშვებია ჩამქრალი, არამკვეთრი ფერებისა და ტონალობების გამოყენება. უპირატესობა ენიჭება მასალის ბუნებრივი ფაქტურის შენარჩუნებას;
კონსტრუქციული ნაწილი − ღობის მზიდი კონსტრუქციების კარკასი, რომელიც ერწყმის ძირითადი შენობა-ნაგებობების და ქუჩის ერთიან მასშტაბს და არ ქმნის დომინანტურ ელემენტს ქუჩის დიზაინის საერთო აღქმაში, განსაკუთრებით ქუჩაზე ორიენტირებული ფასადის ნაწილში;
ღობის დიზაინი − დიზაინი უნდა შემუშავდეს მიმდებარე განაშენიანებისა და ქუჩის განშლის კვლევისა და შესწავლის საფუძველზე. მთლიანობაში ის უნდა პასუხობდეს ქუჩის განშლაში ერთიანი იერსახის ძირითად მახასიათებლებს და არ იყოს ამოვარდნილი ქუჩის დიზაინის საერთო კონტექსტიდან. ამასთან, ღობის ფორმა უნდა იყოს მარტივი და სწორხაზოვანი. აუცილებელია ქუჩის ვიზუალური მხარის ისეთი მაფორმირებელი ელემენტების გათვალისწინება, როგორიცაა: მომიჯნავე/მიმდებარე ღობეები, ტროტუარები, მცირე არქიტექტურული ფორმები, განათება, გამწვანება, ქუჩის ან საზოგადოებრივი სივრცის სხვა ძირითადი ესთეტიკური მახასიათებლები.
ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნების გაუთვალისწინებლობა მშენებლობის ნებართვის გაცემაზე/მშენებლობის შეტყობინების შესახებ დასტურის გაცემაზე უარის თქმის საფუძველია. ამ წესის მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, გარდა თბილისის მუნიციპალიტეტისა.