ახალი ამბები

უფასო სასკოლო კვების პროგრამა 2026 წელსაც არ დაიწყება – მოსაზრებები

“საჯარო სკოლებში უფასო კვებაზე საუბარი, ჯერჯერობით, ნაადრევია” – ასე უპასუხა BMG-ის კითხვას განათლების მინისტრმა. გივი მიქანაძე ირწმუნება, რომ მთავარი მიზეზი მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურაა.

„ჩვენი პრიორიტეტია ყველა სკოლაში არსებობდეს სათანადო ინფრასტრუქტურა კვების ობიექტის მოსაწყობად. ბევრი სკოლაა სადაც ასეთი ინფრასტრუქტურა ჯერ კიდევ არ გვაქვს. ამიტომ როდესაც ეს საკითხი გადაწყდება, განვიხილავთ იმ საკითხს რა ნაბიჯების გადადგმა შეიძლება კვების უზრუნველყოფისთვის. სანამ ინფრასტრუქტურა არ იქნება უზრუნველყოფილი და უსაფრთხოების სტანდარტები მაქსიმალურად არ იქნება გადამოწმებული დამატებით კომპონენტებზე საუბარი, ჯერჯერობით, ნაადრევია”, – განაცხადა მინისტრმა.

გივი მიქანაძის არგუმენტები არადამაჯერებლია განათლების ექსპერტ გიორგი ჭანტურიასთვის. ის მიიჩნევს, რომ სკოლებში უფასო კვების პროექტის საპილოტე რეჟიმში მაინც ჩაშვება შესაძლებელი იყო.
„ცხადია, არანაირად არ არის მყარი [მინისტრის არგუმენტი]. ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული და უპასუხისმგებლო დამოკიდებულება. ინფრასტრუქტურის პრობლემა შეიძლება, 10 წელი კიდევ ვერ მოვაგვაროთ“, – თქვა გიორგი ჭანტურიამ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ და იქვე დასძინა, რომ პოლიტიკური ნების შემთხვევაში, პროგრამის დასაწყებად „საუკეთესო ინფრასტრუქტურის“ მოლოდინი არ არის საჭირო, რადგან არსებობს უამრავი ვარიანტი.

BMG-მ მოიძია განათლების სამინისტროსთან ერთად, ჯანდაცვის სამინისტროს დაკვეთით, 2020-2021 წლებში ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია,სადაც დათვლილია, რა დაუჯდებოდა სახელმწიფოს სკოლებში ბავშვების უფასო კვება. ჩვენი ინფორმაციით, ეს ის კვლევაა, რომელზედაც ეკატერინე ტიკარაძე 2021 წელს საუბრობდა.
კვლევის პრეზენტაციიდან ჩანს, რომ კვების მენიუ ევროპის ქვეყნების გაიდლაინებზე დაყრდნობით შეიქმნა. ასევე, დათვლილი იყო, რა დაუჯდებოდა სახელმწიფოს სკოლებში უფასო კვების დანერგვა. როგორც გავარკვიეთ, ჯანდაცვის და განათლების სამინისტრო მაშინ ორ მოდელს განიხილავდა – პირველი არის ე.წ. „კომერციული ბიუჯეტით“ დათვლილი მოდელი, რომელიც სკოლებში უფასო კვების მომსახურების აუთსორსზე გატანას გულისხმობდა – სავარაუდოდ, ტენდერის გამოცხადების გზით, მომწოდებელი კომპანიის გამოვლენას, მეორე – „არააკომერციული ბიუჯეტის“ მოდელით კი, მოიაზრებდნენ ბავშვებისთვის განკუთვნილი საკვები მენიუს სახელმწიფოს ბაზაზე მომზადებას – მაგალითად, სამხედრო ბაზის სასადილოებში და სკოლებში დისტრიბუციას.

ჯანდაცვის სამინისტროს დათვლებით, ე.წ. „კომერციული ბიუჯეტის“ მოდელით სახელმწიფოს სკოლებში [დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე] მოსწავლეთა კვება წლიურად 376 მლნ ლარი დაუჯდებოდა. უფრო კონკრეტულად: ერთი მოსწავლე სასწავლო წელს 692.68 ლარი, დღეში – ₾3.96.
რაც შეეხება ე.წ. „არაკომერციული ბიუჯეტით“ დათვლილ მოდელს, სახელმწიფოს ჯამურად, ერთი წელი ყველა მოსწავლის უფასო კვებაში შედარებით ნაკლები თანხა – 316 მლნ ლარი დასჭირდებოდა. შესაბამისად, წელიწადში – 583 ლარი იყო დანახარჯი ერთ მოსწავლეზე, დღეში კი – ₾3.30.