,,წინასაახალწლოდ სურსათის ფასი შედარებით სტაბილური იქნება” – დისტრიბუტორთა ასოციაცია
“წინასაახალწლო პერიოდში სურსათის ფასი შედარებით უფრო სტაბილური იქნება, იქიდან გამომდინარე, რომ ფასთა კორექტირება გასულ თვეებში უკვე განხორციელდა და გაიზარდა“,- ამის შესახებ დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტმა ლაშა რიჟამაძემ „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
მისი თქმით, უკვე მომავალი წლიდან ფასები კიდევ გადაიხედება, ახალი კომპანიები სხვა მოცემულობებით გააგრძელებენ ოპერირებას.
“წინასაახალწლო პერიოდში სურსათის ფასი შედარებით უფრო სტაბილური იქნება, ვიდრე გასულ თვეებში, იქიდან გამომდინარე, რომ ფასთა კორექტირება გასულ თვეებში უკვე განხორციელდა და გაიზარდა.
წინასაახალწლო პერიოდში გაყიდვები მაქსიმალურად გაზრდილია. მათ შორის, დაგეგმილია მთელი რიგი აქტივობები, აქციები, რაც გულისხმობს პირიქით, სააქციო ფასად მიწოდების შესაძლებლობას. ამ პროცესისთვის კომპანიები ემზადებიან თვეების განმავლობაში. ემზადებიან, რომ მარაგები შექმნან და თუნდაც ის სააქციო ფასები ჰქონდეთ. ამიტომ, ცვლილება როგორც ასეთი, ნეგატიური კუთხით ახალ წლამდე არ გვაქვს.
ჩვენდა სამწუხაროდ, თითქმის ყველაფერი გაძვირდა მთელი წლის ჭრილში. ჩვენ ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში ვამბობდით, რომ ფასები ეტაპობრივად გაიზრდებოდა, უბრალოდ რაღაც შედარებით ადრე აისახა მომხმარებლისთვის და რაღაც შედარებით მოგვიანებით. ჩვენ არ ვსაუბრობთ იმას, რომ დღეს ეს ფასთა ზრდა არსებითად შეწყვეტილია, მაგრამ ძირითადად უკვე გაზრდილია. უმნიშვნელო ცვლილებები შეიძლება ყოფილიყო ახლა. უკვე მომავალი წლიდან ეს ფასები კიდევ და კიდევ გადაიხედება. ახალი წლიდან უკვე სხვა მოცემულობებით გააგრძელებენ კომპანიები ოპერირებას“,- განაცხადა ლაშა რიჟამაძემ.

