ახალი ამბები

სკოლის მოსწავლეებისთვის ლეპტოპის შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერი გამოცხადდება

მთავრობა სკოლის მოსწავლეებისთვის 2026 წლის განმავლობაში 50,000 ლეპტოპის გადაცემის მიზნით კონსოლიდირებულ ტენდერს ჩაატარებს, ამის შესახებ მთავრობის განკარგულებიდან ხდება ცნობილი. განკარგულების თანახმად, სატენდერო კომისიაში განათლების, ფინანსთა და რეგიონული განვითარების მინისტრების მოადგილეები შევლენ.

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის მეოცე მუხლის შესაბამისად, 2026 წლის განმავლობაში საქართველოს საჯარო სკოლების საჭიროებისთვის სტანდარტული პორტაბელური/სატარებელი კომპიუტერების (2026-2027 სასწავლო წლისთვის, 50 000 ერთეული) სახელმწიფო შესყიდვის განსახორციელებლად, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით ჩატარდეს კონსოლიდირებული ტენდერები,”- ნათქვამია განკარგულებაში.

სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს” მიერ 2024-2025 სასწავლო წლისთვის გამოცხადებული წინა კონსოლიდირებული ტენდერით 20,500 ლეპტოპი შეისყიდეს. აღნიშნულ ტენდერში კომპანია “იუ-ჯი-თიმ” გაიმარჯვა, ხოლო შესასყიდი კომპიუტერის ფასი 1586 ლარს შეადგენდა. აღნიშნული ტენდერით მთავრობამ Lenovo-ს ფირმის ლეპტოპები შეისყიდა.