“მართვის მოწმობის ქულათა სისტემა უნდა იყოს საგზაო კამერებთან ბმაში” – ეკა ლალიაშვილი
„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარის ეკა ლალიაშვილის განცხადებით, დღეს არსებული სურათი აჩვენებს, რომ მართვის მოწმობის ქულათა სისტემა სათანადოდ არ მუშაობს. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ წლიურად სიჩქარის გადაჭარბების დაახლოებით 1.5 მილიონი ფაქტი ფიქსირდება, მართვის მოწმობა მხოლოდ 781 პირს აქვს განულებული.
როგორც ის BMGTV-ს გადაცემა “საქმიანი დილაში” საგზაო უსაფრთხოების პოლიტიკაზე საუბრისას აცხადებს, ვიდეოკამერებით დაფიქსირებული დარღვევები მძღოლის მართვის მოწმობის ქულებზე არ აისახება და ქულებს მხოლოდ საპატრულო პოლიციის მიერ დაჯარიმების შემთხვევაში აკლებენ.
“მართვის მოწმობის ქულათა სისტემა უნდა იყოს საგზაო კამერებთან ბმაში”, – აღნიშნა მან. მისივე თქმით, თუ გვინდა რომ მძღოლების ქცევა შევცვალოთ, მაშინ საჭიროა ქულათა სისტემის უკეთესი აღსრულება კამერების საშუალებით.
ეკა ლალიაშვილის შეფასებით, ბოლო პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროს გააქტიურება და საკანონმდებლო ცვლილებები, მათ შორის სიჩქარის გადაჭარბებასა და სხვა დარღვევებზე ჯარიმების გაზრდა, სწორი ნაბიჯია, თუმცა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქულათა სისტემის ეფექტიან აღსრულებასაც.
“რაც არ უნდა დავწეროთ ჩვენ ფურცელზე რომ ამდენი ქულა იქნეს ჩამოკლებული, თუ აღსრულება არ არის შესაბამისი, ის ფურცელზევე რჩება”, – აღნიშნა მან.
მისი შეფასებით, საქართველოს საგზაო პოლიტიკა ამ ეტაპზე უფრო რეაქტიულ ხასიათს ატარებს და უკვე ჩადენილ დარღვევებზე რეაგირებაზეა ორიენტირებული, მაშინ როდესაც პრევენციულ და პროაქტიულ მიდგომას სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია. ამ კონტექსტში, 1 იანვრიდან მართვის მოწმობების ამნისტიის პრაქტიკის შეზღუდვას იგი დადებით ნაბიჯად აფასებს, რადგან წარსულში არსებული მექანიზმი მძღოლებს უქმნიდა განცდას, რომ საფასურის გადახდის შემთხვევაში, მართვის უფლების ვადამდე აღდგენა შესაძლებელი იყო, რაც პასუხისმგებლობის შემცირებას იწვევდა.
ცნობისთვის, 2026 წლიდან ის პირები, ვისაც სხვადასხვა საგზაო დარღვევის გამო მართვის მოწმობა ჩამოერთმევათ, მის ვადამდე ადრე აღდგენას, საფასურის სანაცვლოდ ვეღარ შეძლებენ.

